ნიკა მელია - ნურავის ექნება იმედი და მოლოდინი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ სადღაც შევიჭრებით, არა, მაგრამ წაგლეკავთ
ნიკა მელია - ნურავის ექნება იმედი და მოლოდინი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ სადღაც შევიჭრებით, არა, მაგრამ წაგლეკავთ

არანაირი სახლი, დღეიდან სახლი და ოჯახი არის თავისუფლების მოედანი, თბილისის მთავარი გამზირი და მთელი ქვეყნის მთავარი მოედნები. ეს არის ის, რაც გამარჯვებას მოგვიტანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის და ყველა აქციაზე უნდა იმყოფებოდეს.

„გადავდოთ ყველა ჩვენი საქმე, ამაზე დიდი საქმე ახლა არ გვაქვს. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი გადასაწყვეტი არ გვაქვს. ბრძოლა დიდი ძალისხმევის გაღების გარეშე არ მიიღწევა. სული და გული, ეროვნული სულისკვეთება აქ უნდა გადაწყდეს. მიხეილ სააკაშვილი მეორმეცე დღეა შიმშილობს და ეს ადამიანი მოიტაცეს. ამის გარდა რით უნდა დაგვაჯერონ, რომ არაკაცები არიან. არაკაცების ხელისუფლებაა. ამას ხალხმა პასუხი მხურვალედ, ხალხმრავლობით  უნდა გასცეს. ნურავის ექნება იმედი და მოლოდინი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ სადღაც შევიჭრებით, არა, მაგრამ წაგლეკავთ, ამას ნამდვილად ვიზამთ. წაგლეკავთ ხალხმრავლობით და უწყვეტი პროტესტებით. დაიწყო ის, რაც უნდა დაწყებულიყო. ივანიშვილო, ჭკუითაც გაჯობეთ, რომელიც შენზე ბევრი აქვს აქ ხალხს. იმ ჭკუით, რომელიც ამ ქვეყანას განვითარებისკენ წაიყვანს“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, ხელისუფლებამ, ყურად არ იღო მოქალაქეების პოზიცია, ემოცია და სურვილი, რომ ქვეყანა სიძულვილისა და დაპირისპირების ჭაობიდან გამოვიდეს.

„დიდ უმრავლესობას აქვს ეს სურვილი და პოზიცია დღეს. ხელისუფლებამ მიიტაცა ჯერ არჩევნები, მიიტაცა სახელმწიფო და ახლა წარმოუდგენელი სიძულვილით აღსავსე, არაადამიანური ვნებით სურთ, გვაყურებინონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას. ხელისუფლებამ გადაკვეთა ყველა ზღვარი, ყველა წითელი ხაზი, მორალური, ზნეობრივი, აქ პოლიტიკაზე საუბარიც კი ნამდვილად აღარ არის, ხელისუფლება ჩვენ არ გვყავს, ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ეს არის რეჟიმი, ბანდიტებით დაკომპლექტებული, რომელსაც არაფრად არ მიაჩნია კანონი, საერთოდ არაფრად არ მიაჩნია არანაირი კონსტიტუცია. როცა უნდა ადამიანს იტაცებენ, სადაც უნდა იქ ათავსებენ და აბუჩად გვიგდებენ, მაგრამ ამ ყველაფერს აკეთებენ თავიანთი ჭკუით ძალიან ეშმაკურად და ბოროტულად. ცდილობენ, ისედაც გაღიზიანებულ ხალხს, რომელთა ემოცია სულ უფრო და უფრო მატულობს, დაგვაშვებინონ დიდი შეცდომა და მოგვიწყონ დიდი პროვოკაცია. ამას ემსახურებოდა მხოლოდ ამხელა დიდი აქციის დაწყებამდე სულ რაღაც ორი საათით ადრე იმ ყველაფრის ჩადენა, რაც ჩაიდინეს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით“, – განაცხადა მელიამ.

როგორც მელიამ აქციაზე განაცხადა, არაფერი არ არის იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა.

„ეს საპროტესტო მოძრაობა არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული მიტაცებული არჩევნები. დღეს დიდი ილიას დაბადების დღეა, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა, ყველამ ვიცით და ივანიშვილის, ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის წინამორბედებმა მოკლეს ეს დიდი ქართველი. დიახაც, ჯერ სახელს უტეხდნენ, ჭორებს უვრცელებდნენ და ბოლოს მოკლეს. დიახ, მოკლეს ილია. ამის შემდეგ 70 წელი დამოუკიდებლობა დავკარგეთ. ეს ყველაფერი, სიველურე დაგვიჯდა 70-წლიან პერიოდად დამოუკიდებლობის გარეშე. ჩვენს ეპოქაში, ზვიად გამსახურდიას ტრაგედიის შემდეგ რაც ჩაიდინეს, ეს სიველურე დაგვიჯდა არაერთ სამოქალაქო ომად, შიმშილად და დევნილობაში ყოფნად უამრავ ადამიანს, 300 ათას ადამიანს. დღეს კი კვლავ აქვს სურვილი და გეგმა ჩვენს მტერს, ქვეყნის შიგნით და ტრადიციულ მტერს, რომ ქვეყანა გახდეს თვითმხილველი, თანამონაწილე. დიახაც ქვეყანა, ყველა უკლებლივ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, გახდეს სიძულვილის, დაპირისპირების მორევში საბოლოოდ გადაჩეხვისა. ჩვენ ამ ყველაფერს არ დავუშვებთ. მე მაქვს პასუხისმგებლობა თქვენთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის და მისი გათავისუფლების, მაგრამ ამავე დროს თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უზრუნველყოფა. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა ჩემს მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს საერთოდ არ გამორიცხავს, რომ პროტესტი იქნება ძალიან მტკიცე, მაგრამ მშვიდობიანი, მტკიცე, ხალხმრავალი და უწყვეტი“, – განაცხადა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ თბილისის ქუჩები არ დაცარიელდება, ვიდრე მოპარულ არჩევნებს უკან არ დააბრუნებს ხელისუფლება.

„ჩვენი მტერი არის რუსეთის ფედერაციაში მოკალათებული პუტინი, ეს ის ადამიანია, რომელმაც ბევრი დიდი ქართველი მოკლა და მხოლოდ შიშველი ემოციები საქმეს წინ არ წაიყვანს. განგებ მივიღე არაერთი კრიტიკა, ჭარბობდა ჩვენი ემოციები, რომ რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ. არ წამოვეგეთ არც ერთ პროვოკაციას და არც ახლა წამოვეგებით, რადგან ძალიან მართლები ვართ. ძალიან ცოტა ხანი გვაშორებს, ჩვენ მოკლე დისტანცია გვაქვს დასაფარი იმისთვის, რომ ყველა ამოცანა და მიზანი, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალე, შესრულებული იქნას. მინდა, მივმართო ყველა ადამიანს, რომ ამ საპროტესტო მოძრაობას, რომელსაც ამ წუთიდან, აქ და ახლა ვიწყებთ, შემოუერთდეს ყველა ეტაპობრივად. ეს ხალხი, ჩვენ არ დავიშლებით, თბილისის ქუჩები არ დაცარიელდება, ვიდრე მოპარულ არჩევნებს უკან არ დააბრუნებს და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი და შემდეგ არ იქნება გათავისუფლებული“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ გლდანის ციხესთან აქციის გამართვა პროვოკაციად აღიქმება.

„მე, როგორც თქვენი მეგობარი, გეუბნებით, გლდანის ციხეში აქციის გამართვა აღიქმება როგორც პროვოკაციად, რადგან იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს, და ამ ყველაფრისთვის ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის, იქ, სადაც კრიმინალები არიან, უმძიმესი დამნაშავეები ჰყავთ, სადაც კანონიერი ქურდები ჰყავთ, იქ შეიყვანეს მიხეილ სააკაშვილი და იქ აქციის გამართვა ახლა არის ოცნება „ქართული ოცნების, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე ასე დაემუქროს, მერე რუსეთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე. ამიტომ, ჩვენთვის პრინციპულად ძალიან მნიშვნელოვანია, არც ერთმა ჩვენგანმა აქედან ფეხი არ მოვიცვალოთ გლდანის ციხესთან, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, აქ დღეს მეტი გამომსვლელი არ იქნება. ვფიქრობ, ყველაფერს ვცდილობდით და ვეცადეთ დღემდე, რომ საერთაშორისო საზოგადოებაც გამოღვიძებულიყო ბოლომდე, გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, ვეცადეთ, რომ ბოლომდე მიგვეცა შანსი ხელისუფლებისთვის, საღ აზრს გაეღვიძა, არა იმიტომ, რომ სინამდვილეში, ეს ხელისუფლება არის შეშინებული და დამფრთხალი, გონდაკარგული მდგომარეობა აქვთ. ნუ იფიქრებთ, რომ ისინი არიან არარაციონალური ადამიანები, არა, შეშინებულები არიან და ერთადერთი რამის იმედი აქვთ, რომ ხალხი დაიღლება და ხალხი შეცდომას დაუშვებს. მაგრამ ეს არ მოხდება და რომ არ მოხდება, ამას უახლოეს პერიოდში დაინახავს. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, თქვენ წინაშე განვაცხადო, რომ ახლა ძალიან მშვიდად, ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ბრძოლა ყველაფერთან ერთად იქნება ნერვების ბრძოლაც და ომიც, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების შესაძლებლობას არ მივცემთ ხელისუფლებას, რუსეთის ფედერაციას. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახლაც და მომდევნო დღეებშიც სიმრავლეს, რომელიც სახეზე იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. ახლა ყველამ, ძალიან მშვიდად უნდა გადავინაცვლოთ ბიძინა ივანიშვილის ე.წ. კანცელარიის წინ, თორემ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაცია, მე წავალ წინ და წამომყევით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.