ნიკა მელია - ნამდვილად ვერ დამიჭერენ, თუ თვლიან რომ დასაჭერი ვარ, უნდა დამიჭირონ, ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერენ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება და თუკი თვლიან, რომ დასაჭერია, მაშინ 2 ნოემბერსაც უნდა დაეჭირათ, რადგან მათი გადმოსახედიდან, კანონი დაარღვია.
„ვერ დამიჭერენ, ნამდვილად ვერ დამიჭერენ და თუ თვლიან რომ დასაჭერი ვარ, უნდა დამიჭირონ და ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერენ. მათ მშვენივრად იციან, ახორციელებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. დასაჭერი მათი გადმოსახედიდან, რომ ჰკითხოთ, თითქოს სამართალს ვარღვევ და ვეწინააღმდეგები კანონის მოთხოვნებს, 2 ნოემბერსაც დასაჭერი ვიყავი. როგორ, ვიღაც კადნიერი ადგა რუსთაველის გამზირზე, სცენაზე ავიდა და სამაჯური მოიხსნა და გადმოაგდო, თუ მე კანონი დავარღვიე, რატომ არ დამიჭირეს. მეტიც, თქვეს რომ მართალი ყოფილაო მელია. პროკურატურამ ეს უთხრა სასამართლოს, სამაჯური რომ გადააგდო, მართალი ყოფილაო“, – ამბობს ნიკა მელია.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არავის დაპატიმრების თავი არ აქვს.
„ქართულ ოცნებას“ არანაირი თავი არ აქვს არავის დაპატიმრების. მე მათ დღის წესრიგს ნამდვილად ვერ მოვერგები. იმიტომ კი არა, რომ ისინი გამბედავები არ არიან, იმიტომ, რომ მშვენივრად იციან, რომ ეს მართლა პოლიტიკური დევნა არის, ეშინიათ მათ. იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გლდანი ჩემთან წააგო, იმ ფონზე, როცა არჩევნები გააყალბეს და ახლა, დაიჭირო ის, ვისაც შტაბი დაუწვეს და უბნები დაურბიეს, ეს ქვეყანა მართლა ჩალით კი არ არის დახურული“,- განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გუშინ გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ მასზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკისრებული – ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა მის მიმართ კანონმდებლობით დაკისრებული, სამართლებრივად სათანადო ქცევის უზრუნველმყოფი გარანტიების არსებობა. შესაბამისად, პროკურატურის შუამდგომლობით მოთხოვნილ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით. თბილისის საქალაქო სასამართლოს იმავე განჩინებით, ნიკანორ მელიას გირაოს გაზრდილი ოდენობის – 40 000 ლარის – გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის ცნობით, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთი კვირა და გადაუხდელობის შემთხვევაში, უწყება სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.