ნიკა მელია - „ნაცმოძრაობა“ არ იქნება, ვერ იქნება პარლამენტში, რადგან ეს არის საკუთარი ხალხის ღალატი
პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ახალი არჩევნები, რაც გვესახება ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ არ იქნება პარლამენტში, რადგან „ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის“.
„როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ მინდა გითხრათ, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც ერთი წარმომადგენელი მაინც განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ოცნება. პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. ანუ, „ნაცმოძრაობა“ არ იქნება, ვერ იქნება პარლამენტში იმიტომ, რომ ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის. არ შეიძლება მაშინ, როდესაც ქვეყანაში ოლიგარქმა არჩევნები არ ჩაატარა, შენ პარლამენტში შესვლით ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელიც სინამდვილეში არ არის პარლამენტი და არის ივანიშვილის კანტორა, ივანიშვილის ნება-სურვილის აღმსრულებელი“, – განაცხადა მელიამ.