ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა პატრიოტს, ქართველ სამხედროსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავდა საქართველოს ჰააგის სასამართლოში
ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა პატრიოტს, ქართველ სამხედროსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავდა საქართველოს ჰააგის სასამართლოში

თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დღეს ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება, უარყოფილია ყველა ბრალდება ქართველი სამხედროების, საქართველოს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველო გამართლდა.

„თავისუფალმა სამყარომ საქართველო სრულად გაამართლა იმ ომში, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში რუსული ოცნების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილს აბრალებდნენ. გუშინაც კი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას 2008 წლის ომს ახსენებდა, როგორც მის დანაშაულს. მთელი ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ ბრალს გვდებდა, რომ საქართველომ კაპიტულაცია არ გამოაცხადა, რომ არ დაემორჩილა ოკუპანტებს და დაიცვა თავისუფლება, სუვერენიტეტი და სახელმწიფო. ეს იყო რუსული ნარატივი, რომელსაც თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად იმეორებდა რუსული სატელიტი „ქართული ოცნება“. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველ გმირ სამხედროებს დასდებოდათ ბრალი. ჰააგის სასამართლო გადაწყვეტილებით კი, ბრალი იქნა წარდგენილი რუსული არმიის გენერალ ბორისოვისა და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. არცერთი ქართველის მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დადასტურდა. ის, რაც „ქართული ოცნებისთვის“ დანაშაულია – პატრიოტიზმი და ღირსება ცივილიზებული კაცობრიობისთვის რჩება წარუვალ ღირებულებად, ამ ღირებულებებთან შინაგანი შეუთავსებლობა განაპირობებს ოლიგარქიული რეჟიმის ბრძოლას საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც გმირულად იბრძვიან უკრაინაში პუტინის იმპერიის წინააღმდეგ.

ბოროტების იმპერიასთან მებრძოლი პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ 2008 წელს აფრთხილებდა მსოფლიოს, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს არ შეაჩერებდნენ. პრეზიდენტი რუს ოლიგარქ ივანიშვილს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში დატყვევებული ჰყავს. დღეს ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება, რომ უნდა გაეთვალისწინებინათ მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილება და დროულად უნდა მიეღოთ ზომები რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც მთელი ევროპისა და ცივილიზებული სამყაროსთვის საფრთხედ გადაიქცა“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს დღევანდელი ვერდიქტი არის ასევე უმნიშვნელოვანესი დადასტურება, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილი არის პუტინის ტყვე, რაც ასევე ხაზგასმით ჩაიწერა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

„გვინდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, მადლობა გადავუხადოთ ყველა პატრიოტს, ყველა ქართველ სამხედროსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც იცავდა საქართველოს ინტერესებს ჰააგის სასამართლოში.

ამასთან, კვლავაც ვადასტურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ისტორიული უსამართლობა ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის წინაშე. პრეზიდენტის თავისუფლება კვლავ რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად, რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობასთან. ბრძოლა გრძელდება, ძალა ერთობაშია“, – განაცხადა მელიამ.

ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა იმ პირთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა.