ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობა“, არც ერთი მისი ამომრჩეველი არ აპირებენ გულხელდაკრეფილი ლოდინს, ციური მანანა როდის გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს ან დაგვინიშნავს ახალ არჩევნებს
ხელისუფლება, ყველაფერთან ერთად, არის მკვლელი. არ ვერიდები – დიახაც, მკვლელი რეჟიმი, რომელსაც მორალური საყრდენი უკვე დიდი ხანია, გამოეცალა, პოლიტიკური საყრდენი მას აღარ აქვს, გარდა რეჟიმის მსახური ზონდერ-პოლიციელებისა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება მხოლოდ ძალისმიერ მეთოდებსა და პოლიციურ ძალებზე დგას და როდემდე იდგებიან, დაიფშვნებიან, ჩამოინგრევიან, და ამ ყველაფერში ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქართველი ხალხი.
„არ იქნება არც ერთი დღე მოსვენება ამ რეჟიმთან მიმართებაში ბრძოლის ფარგლებში. სიმართლე გითხრათ, რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უარესი მათთვის და მით უფრო სწრაფად დასრულდებიან. ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტი როდესაც მტკიცდება, ისე კი არ უნდა გაიგოს ვინმემ, რომ სადღაც რაღაც მათი შეხედულებებისამებრ სპეციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გეგმავენ და ამაზე მოარგეს ბიუჯეტი, ან ბათუმელების საჭიროებებს მოარგეს ბიუჯეტი. არა, ასე ნურავინ გაიგებს, არავითარ შემთხვევაში ამასთან არანაირი შეხება არ აქვს. უბრალოდ, არის წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებების გასტუმრების დრო მათი ჭკუით, რადგან კამპანიას, თუ ამას კამპანია ერქვა, როცა ატარებდნენ, სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა მოკრიმინალო ელემენტებსაც დაჰპირდნენ, რომ მიწის ნაკვეთებსა და სხვადასხვა სიკეთეს გაუფორმებდნენ. აი, ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას ემსახურებოდა დღევანდელი ეს აქტი, რაც ჩაიდინეს. პლუს, დიახაც, ხელფასების მატება, დანამატების, და ასევე, ჯანდაბა მათ ყველას, ვინც ეს ნამდვილად გააკეთა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, ეს რეჟიმი ძალიან ახლოს არის მარცხთან და ბრძოლა იქნება უწყვეტი, დისციპლინირებული და მოედება მთელ ქვეყანას.
„მესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს ერთ საათში უნდა, რეჟიმი დაეცეს, ნახევარ საათში, 20 წუთში, ან 15 წუთში. დიახაც, მეც ძალიან მინდა, რომ ხუთ წუთში დაეცეს, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები და მე რასაც ვხედავ, ეს რეჟიმი ეცემა და ამ რეჟიმის დაცემა ჩვენთვის შუალედური ამოცანაა. ჩვენი მთავარი ამოცანაა რეჟიმის ჩამოშორების შემდეგ, მართვის სადავეებიდან, რომლებმაც მიიტაცეს სახელმწიფო, დავიწყოთ ამ სახელმწიფოს განვითარება ისე, რომ სისხლი არ დავღვაროთ. ამ სისხლს ჩვენ არ ვღვრით, მაგრამ სამაგიეროდ, რეჟიმი სულ უფრო და უფრო მოშიშვლებულ მდგომარეობაშია. ამიტომ მე არც თარიღს ვკიდებ, არც კონკრეტულ ვადას ვასახელებ. რასაც ვამბობდი, იმავეს ვამბობ – ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. დიახაც, ვისაც უნდა მიიჩნიოს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ვისაც უნდა მიიჩნიოს, რომ სახლში შეუსვლელად, ვისაც უნდა ჩათვალოს, რომ უკომპრომისოდ. ბრძოლა იქნება უწყვეტი, დისციპლინირებული და ბრძოლა მოედება მთელ ქვეყანას. მე ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა შედეგს მოიტანს.
როდესაც წარმომადგენლობითი დემოკრატია არ არსებობს, როდესაც არ მუშაობს კანონისმიერი მოთხოვნები, როდესაც ოპოზიციონერ დეპუტატებს ექცევიან ისე, როგორც ექცევიან, დიახაც, ნუ მოვერიდებით – ქუჩა მოდის აბსოლუტურად მთელი თავისი სიძლიერით, სიმძლავრით მოქმედებაში. ქუჩა, სადაც არაძალადობრივად წყდება ოლიგარქის, მიმტაცებელი რეჟიმის ბედი. ასე იყო ყოველთვის, ყველა ერაში, ყველა სახელმწიფოში, და ასე იქნება აქ. როდესაც შენ უარს ეუბნები დემოკრატიულ წყობილებას, მთელი საქართველო აუცილებლად იწყებს ბრძოლას არაძალადობრივი მეთოდებით ქუჩიდან და ეს ქუჩა მე მგონი თვალნათლივ ჩანს, რომ არის ამოქმედებული.
თუ არ ხარ მიკერძოებული, ნებისმიერი ადამიანის გასაგონად შეიძლებოდა მეთქვა, აუცილებლად ითხოვ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ღარიბაშვილ-ივანიშვილ-მურუსიძეს ჰყავს დატყვევებული, რომელიც ვერასოდეს იპოვის სამართალს, რადგან სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, არ არსებობდა, ასე უნდა ითქვას და არ არსებობს ახლაც“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება ბოლომდე და ამ ყველაფრის განხორციელებისთვის წარდგენილი იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომელიც დაუკავშირდება ახალ არჩევნებს და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.
„ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული დრო, ნუ იჩქარებთ. მთავარია, რომ უწყვეტი ბრძოლა გრძელდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2-3 დღე აქცია შეიძლება არ ჩატარდეს, ვიღაცა წავიდა სადღაც სხვა საქმის საკეთებლად, არავითარ შემთხვევაში. ბრძოლა დაიწყო იმ დღიდანვე და იმ წუთიდანვე, როდესაც რეჟიმმა ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა, გააყალბა, მიიტაცა არჩევნები და სახელმწიფო მძევლად აიყვანა მიხეილ სააკაშვილი. ვიდრე ეს ორი მოცემულობა არ შეიცვლება და არ მოწესრიგდება ორივე მხრივ მდგომარეობა, არავინ, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“, არც ერთი მისი ამომრჩეველი და პარტიის წევრი არ აპირებს გულხელდაკრეფილი ლოდინს, ციური მანანა როდის გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს, ან დაგვინიშნავს ახალ არჩევნებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.