ნიკა მელია - მზად ვართ, ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ელჩების მონაწილეობით, განვიხილოთ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი
ნიკა მელია - მზად ვართ, ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ელჩების მონაწილეობით, განვიხილოთ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი

მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად.

„პირველივე დღიდან საერთო ოპოზიციურ ერთობას არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ჩვენთვის უმთავრესია კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესია, მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება. ვსაუბრობდით, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულებულიყო, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს იყო ჩვენი წუხილი. ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს, დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვა წესრიგით. ამიტომ, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არ იყო და არ იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ გვინდა ქვეყანა განვითარდეს. ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს, განათდა „ქართული ოცნების“ რიგ წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გახარიას, რომელმაც არ გადადგა მეორეჯერ სისხლისღვრისკენ ნაბიჯი, რომლისკენაც ალბათ მოუწოდებდნენ გუნდის წევრები. ბატონ გახარიას პოლიტიკური და ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით. ის, რომ ბატონი გახარია გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, რომ მან პრაქტიკულად აღიარა, დღეს იგეგმებოდა სისხლისღვრა და ძალადობა, ეს არ გააკეთა, რაც დასაფასებელია. ახლა საქმეს სწრაფი მოქმედება უშველის. ვითხოვთ, საერთო ოპოზიციური მოძრაობა სასწრაფოდ შეხვედრას  ჩვენი პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე-ახალი არჩევნები“,- განაცხადა მელიამ.