ნიკა მელია - მივმართავ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება
მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები, – ამის შესახებ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
ასევე, ნიკა მელიამ ბრიფინგზე გლდანში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა.
„გლდანში იმაზე უფრო შემაშფოთებელია ვითარება, ვიდრე მაყურებელს ჰგონია, რადგან არ იგრძნობა კიდევ ის დაძაბულობა, რომელიც აქ არის და რომლის სულის ჩამდგმელიც არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი. მათ იციან ეს და ხედავთ, რას აწყობენ. მობილიზაციაა ყველა კრიმინალის. იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ პირველ მიკრორაიონში, 84-ე საარჩევნო უბანთან და იარაღის მუქარით, ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც კახი კალაძის ბავშვობის მეგობარია, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს. ამ დროს პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელი იყო საარჩევნო უბანზე, ირაკლი ეძგვერაძე, ჩემი მეგობარი დააკავეს. ჩვენ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი და ადვოკატებიც ვერ პოულობენ. ეს არჩევნები დიდი სხვაობით გაქვთ წაგებული და როგორც ვატყობ, არამხოლოდ გლდანის რაიონში“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხმებს დაიცავს, რადგან არჩევნები მოგებულია“.
„მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს, ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ ხმებს დავიცავთ, არ გაგაყალბებინებთ. საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები, არ დაარბიოთ საარჩევნო უბნები და ამ მასკარადებს აწყობთ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. ახლა მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის, ხმებს დაცვა სჭირდება, გთხოვთ უმორჩილესად, მობრძანდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა დაახლოებით, საათ-ნახევარში ჩვენ გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები. ჩვენ ვართ მშვიდად. განგებ არ გავდივარ საარჩევნო შტაბიდან. ამიტომ, მხარდამჭერებს ვთხოვ, მშვიდობიანად გამოცხადდეთ გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა ხმები დავიცვათ. ეს არჩევნები მოგებულია“, – განაცხადა მელიამ.