გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე; მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „საქართველოს მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან ნადირობას ჟურნალისტების წინააღმდეგ, იმის მაგივრად რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების საყრდენი“.
როგორც მელიამ აღნიშნა, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა, საქართველოს ევროინტეგრაციის ამბიციებისგან აშორებს.
„ჩვენ ახლა მოვითხოვთ ცვლილებებს სახელმწიფოს პოლიტიკასა და დამოკიდებულებებში – „დროა, თბილისში გაანალიზონ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის“.
ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის სრულიად ევროპის პოზიცია, რადგან გუშინ, საქართველოს შესახებ დებატებში, 17 დან 17-მა გამომსვლელმა, გამონაკლისის გარეშე, ყველა პოლიტიკურმა ფრაქციამ, მათ შორის იმ პოლიტიკურმა ფრაქციამ, ვისი წევრიც არის „ქართული ოცნება“, ყველამ ერთხმად თქვა: რომ საქართველოში ადამიანს პოლიტიკური ნიშნით დევნიან, რომ საქართველოში არ არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომ საქართველოში გყვავს პოლიტპატიმრები, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და სხვები; რომ ჟურნალისტებზე და ხელისუფლებისთვის მიუღებელ ადამიანებზე მთავრობის წაქეზებითა და ორგანიზებით ქუჩაში ნადირობენ; რომ ის რაც საქართველოში ხდება უარყოფს ევროპულ ღირებულებებს; რომ გვყავს ხელისუფლება რომელიც არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, მის ინტერესებსა და მის ევროპულ მისწრაფებებს. თქვენ ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა არ ხართ, თქვენ ხართ ქვეყანა, რომლის მმართველიც იმსახურებს სანქციებს – გვითხრეს ევროპიდან.
ეს შედეგი არ დამდგარა ერთ დღეში. ძალაუფლების შენარჩუნების, ოპონენტის მტრად გამოცხადების და ფიზიკური განადგურების წყურვილის გამო, „ქართული ოცნება“ ამ შედეგისკენ წლების განმავლობაში მიდიოდა.
მიდიოდა და მოიყვანა ქვეყანა აქამდე, როდესაც ევროპარლამენტი ერთხმად, გამონაკლისის გარეშე გვეუბნება – დროა, თბილისში გაანალიზოთ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული მედია – ვცდილობდით წინ აღვდგომოდით ამ მომენტის დადგომას: ჩვენ ვმუშაობდით, რომ საქართველოში არ ყოფილიყო პოლიტიკური დევნა, რომ საქართველოში ადამიანებზე არ ენადირათ ქუჩაში, რომ საქართველოში არ გვყოლოდა უსაფუძვლო ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმრები და გვქონოდა თავისუფალი სასამართლო.
ვმუშაობდით, რომ ადამიანის ღირსება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი არჩევანის უფლება ყოფილიყო დაცული, რომ პოლიტიკა მომსახურებოდა ხალხის ინტერესებს. ჩვენ ბოლო დრომდე ვცდილობდით რომ საქართველო ყოფილიყო თავსებადი დემოკრატიულ საზოგადოებასთან.
ჩვენი ვიზიტები, ჩვენი წერილები, ჩვენი პოზიციები ბოლო დღემდე ემსახურება იმას რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მაგრამ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიების თუ თავისუფალი მედიის საქმიანობას, უპირისპირებდა მხოლოდ უხეშ ძალას, უპირისპირებდა არა არგუმენტებს და მსჯელობას არამედ ციხეს, შიშველ ბრუტალურ ძალმომრეობას“,- განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, დღეს მიღებული უმაღლესი პოლიტიკური დოკუმენტით, ევროპამ გვითხრა, „რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ დროა, თბილისში გააანალიზოთ, რა დევს სასწორზე საქართველოს მომავლისთვის“.
„სასწორზე დევს ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების მიერ სისხლით და ოფლით მოტანილი იდეა. რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცხოვროს საკუთარ მიწაზე, ერთიან საქართველოში, თავისუფლად და მშვიდობიანად, ღირსების და სოციალური პირობების სრული დაცვით – და ამ იდეას საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა ჰქვია.
მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“ – ევროპარლამენტის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადდა, რომ ევროპა მზად არის მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ერთადერთი წინაღობა ქართველ ხალხს და ევროპას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. საქართველოს ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხს აგებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. თქვენ გაქვთ ორი კვირა – დაასრულეთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, დაასრულეთ მედიაზე ზეწოლა, დაასრულეთ პოლიტიკური დევნა; დადგა დრო, ქართველმა ხალხმა კვლავ დაადასტუროს თავისი ისტორიული არჩევანი“,- განაცხადა მელიამ და 20 ივნისს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.
20 ივნისს 3 წელი სრულდება მას შედეგ, რაც ქართველი ხალხი გამოვიდა საკუთარი ღირსებისა და თავისუფლებისათვის. ვიცი, რომ ამ დღეს ის პატრიოტები, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ვინც მაშინ დაიცვა საქართველოს ღირსება და თავისუფლება, კვლავ იკრიბება რუსთაველის გამზირზე.
20 ივნისს, 20:00 საათზე რუსთაველზე – ერთად საქართველოს გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.