ნიკა მელია - მივმართავ კოლეგა მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, კვლავ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი
ნიკა მელია - მივმართავ კოლეგა მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, კვლავ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციური პარტიებიდან კოლეგებს მიმართავს, რომ კვლავ გააერთიანონ ძალისხმევა და დაივიწყონ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლოა, კონცენტრირდებოდნენ.

„მინდა, მივმართო ჩვენს კოლეგა მეგობრებს ოპოზიციური პარტიებიდან, არ ვმალავ, ბევრ მათგანთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, დიდი პატივისცემით და მოწიწებით ვამბობ ამას, კვლავ უნდა გავაერთიანოთ საერთო ძალისხმევა, რადგან ყველა ჩვენგანს გვყავს ოჯახში დედა, მამა, შვილები, შვილიშვილები, მეზობლები, უბრალოდ თანამოქალაქეები, რომლებსაც ვაკვირდებით, რამდენად სიდუხჭირეს განიცდიან, უნდა დავივიწყოთ წყენა, ყველა წვრილმანი, რომელზეც შესაძლებელია, ჩვენ ვკონცენტრირდებოდით. იცით რატომ? ყველა წვრილმანი, რომელზეც ჩვენ ვკონცენტრირდებოდით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მართლაც წვრილმანია იმ დიდ ამოცანასთან შედარებით, რასაც მტაცებლებისგან სახელმწიფოს გათავისუფლება ჰქვია. მე არ ვამბობ, რომ ვინმე არის დამნაშავე, ან უდანაშაულო და ა.შ. არ ვამბობ, რომ ჩვენც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი ზუსტად და კარგად გავაკეთეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ერთობა შედუღაბდეს, რადგან მე, როგორც ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი, თუ არა ერთობა, თუ არა დემოკრატიული კოალიციური მმართველობა, ამ ქვეყნის წარმატებას უბრალოდ ვერ ვხედავ, ეს არის უებარი გამოსავალი ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, თუ ვერ შევძელით, როგორ ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ხვალ და ზეგ, როდესაც აუცილებლად ჩატარდება პროპორციული არჩევნები, რაც ნიშნავს გარანტირებულ კოალიციურ, დემოკრატიულ მართვას, ვართ მზად კოალიციური, დემოკრატიული მმართველობისთვის? ამიტომ ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს, მაღალი ხარისხის კოორდინაცია უნდა იყოს მოყვანილი მოქმედებაში. ძალთა გაერთიანებით ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს არ დავუტოვებთ შანსს, რომ მომდევნო, დამატებითი თვეების განმავლობაში ყვლიფოს ეს ქვეყანა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.