ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილსაც და განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ დიდი ამოცანა აქვთ და ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხება არ არის
მიხეილ სააკაშვილსაც, განახლებულ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და გაერთიანებულ ოპოზიციას ძალიან დიდი ამოცანა აქვთ და ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამარცხება არ არის, უფრო დიდი მიზანი გვაქვს, ამ ქვეყნის წინსვლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ დამარცხების გზას სათავეში მიხეილ სააკაშვილი უდგას და „ქართული ოცნების“ დეპუტატები რას იტყვიან, ადვილად პროგნოზირებადია.
„ნუკრი ქანთარიას ადგილზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებდი და მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით ისევე ჩუმად ვიქნებოდი, როგორც დღევანდელ სესიაზე იყვნენ ჩუმად. ამ ქვეყნის მომავლის ბედს „ქართული ოცნების“ ეს დეპუტაცია ვეღარ განსაზღვრავს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ქება-დიდებას, რომ არ დაუწყებს ეს არავის არ უკვირს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას, ნიკა მელიამ აღნიშნა: „ძალიან მალე ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნას გამორიცხავ.“