ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილმა გამოიჩინა ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის
ვისაც არ სურს, ქვეყანაში გაგრძელდეს განუკითხაობა და ოლიგარქიული წესწყობილება, ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ძალიან მარტივია, ვთქვა, რას მივეცი ხმა. ვისაც არ სურს, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს განუკითხაობა, ოლიგარქიული წესწყობილება, ვისაც არ სურს, ხელისუფლებას მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები და სინამდვილეში სუს-თან მჭიდრო ბმაში მყოფი ადამიანები, ვისაც არ უნდა ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი იყოს უსამართლობა, ვფიქრობ, ყველა მარტივად გააკეთებს არჩევანს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ამასთან, მისივე თქმით, „გუშინ ვიხილეთ სრულიად არაგულწრფელი ხელისუფლება, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტყუის“.
„არც ერთი სიტყვა არ დაეჯერება. მხოლოდ იმ ადამიანებზე დგას, ვინც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა. წარმოვიდგინოთ მხოლოდ იმ სამი ადამიანის სახე, რომელმაც გუშინ ბრიფინგი ჩაატარა და სიხარულით აცნობა საზოგადოება, რომ უსამართლოდ დევნილი პრეზიდენტი დააკავეს. თქვენ გგონიათ, რომ ეს არჩევნები პარტიული არჩევნებია. არ არის. ამ ქვეყანაში ბევრი მიხვდა, რომ საპირისპიროა რეალობა, ვიდრე მაგალითად შალვა რამიშვილი და ტელეკომპანია „იმედი“ გადმოსცემენ. 20:00 საათამდე გაგრძელდება ის პროცესი, რომელიც ყველას დაარწმუნებს იმ პოზიციის სისწორეში, რომელიც გაქვთ ან არ გაქვთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილმა დაარბია თუ არა ტელეკომპანია „იმედი“, ნიკა მელიამ განაცხადა:
„რა შუაშია. თქვენ მას შემდეგ კითხვა არ გაგჩენიათ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით? მგონი, ათასჯერ გაქვთ მოსმენილი, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ სხვა სამართალდარღვევებზე შეკითხვა არ გაგჩენიათ? მიხეილ სააკაშვილმა გამოიჩინა ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.