ნიკა მელია - მე შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოვედი კიდეც, ისე გავალ და შემოვალ, ვერ დამაპატიმრებენ
მე ვსაუბრობ ამ ქვეყნის მომავალზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და პანაშვიდზე გავალ თუ არა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ისე გავალ და შემოვალ, ვერ დამაპატიმრებენ, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა პარტიის ოფისიდან გასვლას.
მისივე თქმით, ის აღნიშნული შენობიდან უკვე იყო გასული, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება ვერ მოახერხეს.
„იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ვთვლი, კანონის ფარგლებში. უსამართლობას თავს არ ვუხრი. მე ვსაუბრობ ამ ქვეყნის მომავალზე, სახელმწიფოს პერსპექტივაზე ევროატლანტიკურ გზაზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ახლა პანაშვიდზე გავალ თუ არა, ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? მე ისე გავალ და შემოვალ, რომ ვერ დამაპატიმრებენ. საკითხი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, შეიძლება ლეგიტიმურადაც, თუმცა არ არის პირველი და მეათე ხარისხოვანიც კი. დამიტოვეთ უფლება, როდის გავალ და მოვბრუნდები. მე შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოვედი კიდეც. მედიას წინასწარ ვერ გაცნობებთ, როდის გავდივარ და შემოვდივარ, ამიტომ ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. სად ვიყავი გასული, თუ გაინტერესებთ, ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალაც მოგეწოდებათ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, გუშინდელი დღის შემდეგ, ყველა მანქანას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ტერიტორიას ტოვებს, საბარგულს უმოწმებენ. როგორც მელიამ აღნიშნა, შენობიდან გასვლას საბარგულის დახმარებით არ აპირებს.
„სწორედ ამიტომ არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში. გუშინდელი დღიდან თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, საბარგულს უმოწმებენ. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე. რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი, რატომ შეშფოთდნენ? „ჰკითხეთ „ქართულ ოცნებას“. უბრალოდ, ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება და ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები, ამოწმებენ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.