ნიკა მელია - მავანმა ჩათვალა, რომ პარტია არის რამდენიმე ადამიანის, ხაბეიშვილი არ წარმოადგენს როგორც ამ ადამიანებს, ასევე არ წარმოადგენს პარტიის მართვის პროცესში საკუთარ თავსაც
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ლევან ხაბეიშვილი არის სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებელი. როგორც ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იმსახურებდა იმ მოცემულობას, რომლის წინაშეც ახლა პარტია დგას.
ამასთან, მელიას თქმით, ცალკეული ადამიანების ჯგუფმა ჩათვალა, რომ პარტია შეიძლება, ეკუთვნოდეს რამდენიმე ადამიანს.
„მავანმა ჩათვალა, რომ პარტია არის რამდენიმე ადამიანის, რომლებმაც ზურგი შეაქციეს საკუთარ ამომრჩეველს და ახლა ბატონი ხაბეიშვილი იკითხეთ – არ მქონდა მოსმენილი, თითქოს ჩვენ არ ვართ პარტიის წევრები. მე მასთან დაკავშირებით არ ვისაუბრებ. არა იმიტომ, რომ არ ვკადრულობ მასთან დაკავშირებით საუბარს. მან იმ ხალხსაც კი შეაქცია ზურგი, ვინც ხმა მისცა მას შიდაპარტიულ არჩევნებში. ის არ წარმოადგენს როგორც ამ ადამიანებს, ასევე არ წარმოადგენს პარტიის მართვის პროცესში საკუთარ თავსაც“, – აცხადებს ნიკა მელია.
წამყვანის კითხვაზე, როდესაც ნიკა მელია ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს, გულისხმობს თუ არა იმას, რომ ხაბეიშვილი სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამხმოვანებელია, მელიამ განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, ეს ასეა და სულ უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება ამაში.
„ჩვენ როდესაც წლების განმავლობაში ვებრძვით იმ მანკიერებას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა, მხედველობაში მაქვს არაფორმალური მმართველობა, რა გასაკვირია, რომ ჩვენს ახლო გარემოცვაში, ოპოზიციაში ამ მანკიერებას შეებრძოლები. მით უმეტეს, როდესაც საჭიროებაც არის და აუცილებლობაც არსებობს საზოგადოებაში, რომ არსებული რეალობის ალტერნატივა დავანახოთ საზოგადოებას. თუკი ეს პარტია 11 წლის თავზე არ იმსახურებდა იმ მოცემულობას, რომელიც ახლა დადგა, როგორ დადგა, რა გარემოებებით, რა შორს მიმავალი გეგემები იყო შემუშავებული, ამას მომავალი ძალიან კარგად დაადგენს“, – განაცხადა მელიამ.