მადლობა სალომე ზურაბიშვილს საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის! – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
ნიკა მელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„სამართალი ხშირად ურმით, მაგრამ მაინც მოდის. მნიშვნელოვანია, სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს“, – წერს ნიკა მელია.
თბილისში 2023 წლის 7, 8, 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ დღეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დღესვე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია.