ნიკა მელია - ხმა მივეცი მრავალფეროვნებას, ცვლილებას, უდიდესი ისტორიული შანსია, მივიღოთ სულ სხვა თბილისი, ჰაერში მართლაც ტრიალებს გამარჯვების სურნელი
ნიკა მელია - ხმა მივეცი მრავალფეროვნებას, ცვლილებას, უდიდესი ისტორიული შანსია, მივიღოთ სულ სხვა თბილისი, ჰაერში მართლაც ტრიალებს გამარჯვების სურნელი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ოპოზიციის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ მთაწმინდაზე, მე-6 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, ხმა მისცა მრავალფეროვნებასა და ცვლილებას.

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა.

„ხმა მივეცი კონკურენციას, მრავალფეროვნებას, ცვლილებას და არ მინდა, ქედმაღლურად ჟღერდეს, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობაც ასე იქცევა დღეს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში. ყველაფერს ვაკეთებთ, ასევე ყველაფერს აკეთებს თითოეული თბილისელი და არა მხოლოდ თბილისელი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა, გზა გაეხსნას კოალიციურ მმართველობას. მმართველობას, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების შეჯერებით ქვეყნის მართვას. თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ ღირსეული წევრი დიდი ევროპული ოჯახისა, ასე უნდა ვიქცეოდეთ და მმართველობა, რომელიც გულისხმობს ერთპარტიულ, უღიმღამო, პირქუშ მმართველობას, უბრალოდ ვერ წაგვიყვანს იქ, სადაც ჩვენი ისტორიული მისწრაფებები არის. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა უკვე წინასწარი მონაცემები, რომელიც გამოცხადდება საარჩევნო უბნებზე 10:00 საათისთვის და არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში.

თქვენ იცით, რომ როგორც წესი, მეორე ტურებში ტრადიციულად, ყველგან, ყველა ქვეყანაში, მათ შორის რა თქმა უნდა, საქართველოშიც საარჩევნო უბნებზე გამოცხადება არის ნაკლები, ვიდრე პირველ ტურში, მაგრამ წელს გამონაკლისია. რისი მოლოდინიც გვქონდა, ის ხდება. ეს ნიშნავს, რომ თბილისმა გაიღვიძა, ეს ნიშნავს, რომ თბილისი იღვიძებს და თბილისი არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ. სასიხარულოა, რომ უდიდესი ისტორიული შანსია, ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი. თითოეულმა ჩვენგანმა შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ, შევცვალოთ თბილისი უკეთესობისკენ, შევცვალოთ საქართველო უკეთესობისკენ. მრავალფეროვნება იქნება და არის საწინდარი, გარანტია იმისა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საარჩევნო უბანზე ყოფნისას მან ასევე აღნიშნა, რომ ხმა მისცა მნიშვნელოვან გეგმებს, რომლებიც აქვს კოალიციურ მმართველობას.

„ხმა მივეცი ასევე ძალიან მნიშვნელოვან გეგმებს, რომელიც აქვს კოალიციურ მმართველობას. მივეცი ხმა, რომ არც ერთი თბილისელი ბავშვი არ შიმშილობდეს სკოლაში და უფასო კვება იყოს უზრუნველყოფილი სკოლებში. დიახაც, ხმა მივეცი, რომ ყველა თბილისელ პენსიონერს ჰქონდეს 100-ლარიანი საპენსიო დანამატი. ხმა მივეცი, რომ ყველაზე საუკეთესო თბილისელი სტუდენტი დაფინანსდეს თბილისის მერიის მიერ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. დიახაც, მე მივეცი ხმა, რომ ვერც ერთი ხელისუფალი, ვერც ერთი გამგებელი, ვერც ერთი მერი და ვერც ერთი მერის მოადგილე ხვალინდელი დღიდან ვერ ბედავდეს, ახალგაზრდა ადამიანს უნგრევდეს ცხოვრებას და დარაჯად, ყარაულად აყენებდეს კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიასა და გომელაურის სამინისტროსთან. ერთი სიტყვით, ბევრჯერ ითქვა ამ დღეების განმავლობაში, ჰაერში მართლაც ტრიალებს გამარჯვების სურნელი. ვფიქრობ, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება – მსგავსი არაფერი არ შეიმჩნეოდა პირველ ტურში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ იდარდებს, ნუ ინერვიულებენ, ასე მუშაობს დემოკრატია. მესმის, მათ აქვთ გარკვეული შიში ხელისუფლების დათმობის, მაგრამ ეს ადრე თუ გვიან, უნდა მომხდარიყო და ხდება დღეს, ხდება თბილისში, ეს ყველაფერი იწყება თბილისიდან. თბილისში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ შევქმნით პრეცედენტს და საქმით დავამტკიცებთ, რომ კოალიციური მმართველობა არის ერთადერთი სწორი ფორმა მმართველობის, რომელიც გადატანილი იქნება ცენტრალურ დონეზეც“, – განაცხადა ნიკა მელიამ.