ევროკომისიამ უარი უთხრა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, თუმცა ქართველ ხალხს შეუნარჩუნა ევროპული პერსპექტივა. ეს იყო ხელისუფლების მიზანმიმართული, შეგნებული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მძიმე დღეა საქართველოსთვის. განიხილებოდა საქართველოს უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხი. ევროკომისიამ უარი უთხრა საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, თუმცა ქართველ ხალხს შეუნარჩუნა ევროპული პერსპექტივა. ეს იყო ხელისუფლების მიზანმიმართული, შეგნებული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი. ჩვენ აქამდე მოვედით ხელისუფლების ინტენსიური, მონდომებული საბოტაჟის შედეგად.
საბოტაჟი შედგებოდა რამდენიმე ნაწილისაგან:
პირველი და მთავარი, როგორ ფორმაში შეხვდა ქვეყანა ამ ისტორიულ მომენტს. ძალადობრივი და პრობლემური არჩევნები, კლანი სასამართლოში, ზეწოლა მედიაზე, პოლიტიკური დევნა და ტოტალური კორუფცია. უფრო მეტიც, ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით, საგანგებოდ, ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სპეციალურად პროცესის საბოტაჟისთვის დააჩქარა მკაფიო პოლიტიკური დევნის აქტის განხორციელება.
ამ თავხედურ და ღია პოლიტიკურ დემარშს, ქვეყანაში არსებულ ანტიდემოკრატიულ გარემოს, მედიის დევნას და ღია პოლიტიკურ მართლმსაჯულებას მოყვა ევროპარლამენტის ძალიან კრიტიკული რეზოლუციაც. პროცესი ხელისუფლებამ განგებ შეიყვანა ჩიხში.
მეორე გამოხატულება, თუ როგორ ახდენდა „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროინტეგრაციის ტორბედირებას – არის ჩვენს დასავლელ მეგობრებზე მუდმივი თავდასხმა, მათი კრიმინალებად გამოცხადება. ბოლო რამდენიმე თვეში საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და ყველა ის ევროპელი პოლიტიკოსი, ვინც განვლილ 30 წელიწადში საქართველოს კარგ მცოდნედ, საქართველოს მეგობრად და საქართველოს ქომაგად ჩამოყალიბდა, არამარტო ლანძღა- არამედ კრიმინალად გამოაცხადა“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფრაქციას, „ევროპის სახალხო პარტიას“, კრიმინალების პარტია უწოდა.
„კრიმინალები უწოდა იმ დასავლეთს, რომელსაც საქართველოში მშვიდობასა და უსაფრთხოებისათვის უამრავი ძალისხმევა გაუწევია. კრიმინალები უწოდა იმ ევროპას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის და ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის მილიარდობით ევრო გაუღია, მაგრამ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ჩვენ ამ ყველაფერს არა კრიმინალს – არამედ მეგობრობას ვეძახით.
ცალკე აღსანიშნია აღვირასხნილი, უტიფარი, ანტიდასავლური, მართლაც 100 %-ით რუსული დეზინფორმაციული კამპანია – თითქოს დასავლეთი, საქართველოს მეორე ფრონტის გახსნას სთხოვდა. ხელისუფლების მხრიდან სამარცხვინო და ამორალურია შეკითხვის დასმაც კი, თუ რა ინტერესი აქვს, საქართველოში. დასავლეთი, ათწლეულების მანძილზე საქართველოში მხოლოდ მშვიდობას, წესრიგს, უსაფრთხოებას და განვითარებას უწყობდა ხელს. ასე იყო 90 იანი წლებში, როდესაც დასავლეთი აძლიერებდა ჩვენს სპეციალურ შეიარაღებულ ძალებს, რომ ჩვენ თავად გავმკლავებოდით ტერორიზმის და ორგანიზებული კრიმინალის საფრთხეს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებითვე, მესამე და ფუნდამენტური ანტიქართული პოლიტიკა იყო ის, რომ მისი თქმით, საქართველოს მთავრობა „მთელი ამ თვეების განმავლობაში მუდმივად თავს ესხმოდა თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინას და მის პრეზიდენტს“.
„ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ემეგობრა, ემუშავა და კავშირები გაეღრმავებინა უკრაინასთან, „ოცნებამ“, უკრაინა და მისი პრეზიდენტი, ჩვენს მტრებად გამოაცხადა და ყველაფერი ქნა საქართველოს უკრაინისგან დისტანცირებისთვის“, – აღნიშნა მელია.
მისი თქმით, სწორედ ჩამოთვლილი ხერხებით ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟის შედეგია, რომ დღეს საქართველო დგას რეალური და დიდი საფრთხის წინაშე, აღმოჩნდეს ევროპული განვითარების მიღმა.
„ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ მთავრობამ არასაკმარისად იმუშავა ან კომპეტენცია არ ეყო. მთავრობამ იმუშავა, მაგრამ იმუშავა საპირისპირო მიმართულებით. დღეს ჩვენ ისევ გვაქვს გადარჩენისა და განვითარების შანსი. დღეს ისევ არსებობს ერთი ფაქტორი, რომელსაც ყველაფერის შეცვლა შეუძლია. დღეს ისევ უცვლელია ერთი რამ და ის ერთი, „ოცნებისთვის“ დაუძლეველი ფაქტორი. ის ერთი რამ, რის გამოც ჩვენი მეგობრები საქართველოს კლავ იმედით შემოჰყურებენ – არის ქართველი ხალხის შინ, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი დაბრუნების მტკიცე ნება და მისი ისტორიული არჩევანი.
ჩვენ, ქართველ ხალხს ისტორიის მძიმე თუ ბედნიერებით აღსავსე პერიოდები, ათწლეულები, საუკუნეები, ცრემლით, ოფლით და სისხლით იმიტომ არ გამოგვივლია რომ ერთ დღესაც, ხელისუფლებად წოდებულმა ოლიგარქის მსახურებმა გვითხრან, რომ ჩვენი ღირსება, ჩვენი წარსული ბრძოლები, ჩვენი სურვილი, მომავალში ვიცხოვროთ ჩვენს მიწაზე, თავისუფლად და მშვიდობიანად, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი იდენტობა დიდ ევროპულ ოჯახში, არ გამოვა და უნდა დავივიწყოთ.
დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ნებას. დღეს გყავს ხელისუფლება, რომელიც ომშია შესული საკუთარი ქვეყნის ისტორიასთან და საკუთარი ქვეყნის მომავალთან. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ფრონტი გაუხსნა მთელს დასავლურ სამყაროს, მაგრამ დასავლეთი რჩება საქართველოს მეგობრად, ერთადერთი მიზეზის – ქართველი ხალხის გამო. ახლა ჩვენი, ქართველი ხალხის ჯერია. უნდა გამოვიდეთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორია, ჩვენი აწმყო, ჩვენი მომავალი. დღეს უკვე ოფიციალურად გავიგეთ, რომ ჩვენსა და ევროპულ განვითარებას შორის დგას რუსი ოლიგარქი. მოლდოვამ თუ შეძლო, მოახდინა ქვეყნის დეოლიგარქიზაცია და მიიღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენც შევძლებთ. გელოდებით რუსთაველზე 20-ში 20:00 საათზე. დავიწყოთ პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს ქვეყნის დეოლიგარქიზაციით და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.