ნიკა მელია ხელისუფლებას მიმართავს, შეუერთდეს რუსეთის მიმართ საჰაერო სივრცესთან დაკავშირებულ სანქციებს, ასევე საქართველოში აიკრძალოს რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მაუწყებლობა
ნიკა მელია ხელისუფლებას მიმართავს, შეუერთდეს რუსეთის მიმართ საჰაერო სივრცესთან დაკავშირებულ სანქციებს, ასევე საქართველოში აიკრძალოს რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მაუწყებლობა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლებას მიმართავს, შეუერთდეს რუსეთის მიმართ საჰაერო სივრცესთან დაკავშირებულ სანქციებს, ასევე საქართველოში აიკრძალოს რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მაუწყებლობა. ამის შესახებ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამი დღეა, ჩვენი მეგობარი, გმირი ერის შვილები, ბავშვები, ქალები, კაცები, ბებიები და ბაბუები ებრძვიან ბოროტებას, იგერიებენ მტერს, არ უშვებენ საკუთარ ეზოებში და საკარმიდამოში. ამ უპრეცედენტო სამდღიანმა გმირულმა ბრძოლამ მეგობარი უკრაინისა, გამოიწვია მთელი მსოფლიოს კონსოლიდაცია გმირი უკრაინელების გარშემო. ევროპამ მსოფლიო ისტორიაში, უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში მიიღო გადაწყვეტილება, რომ იარაღი მიაწოდოს ომში ჩართულ სახელმწიფოს. ყველა ცივილიზებული სახელმწიფო დღეს დგას სიმართლის გვერდით. ამ დროს სად არის ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის ხელისუფლება? მაშინ, როდესაც ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვიაც გვერდში უდგანან ჩვენს ძმებს, უკრაინელებს, ამ დროს სად არის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. მაშინ, როდესაც ევროკავშირმა მიიღო მთელი რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, ჩაუკეტა პუტინს და ამითაც იცავს უკრაინელებს, ძმებსა და დებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, რუსული პროპაგანდისტული არხების მეშვეობით საქართველოს თავისუფლება და ღირსება ილახება.

„ხვალ სამუშაო დღე იწყება, ირაკლი ღარიბაშვილო და ბიძინა ივანიშვილო, თქვენ ქართველი ხალხის სახელით უნდა შეუერთდეთ იმ სანქციებს, რომლებიც დაუწესა საჰაერო სივრცესთან დაკავშირებით ევროკავშირმა. ეს არის ერთი მოთხოვნა, რომელიც გვაქვს ხალხს და როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას. მეორე მოთხოვნა – სწრაფადვე უნდა აიკრძალოს პუტინის, რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მაუწყებლობა ქვეყანაში. ეს არ არის ის პლატფორმა, საიდანაც ტირაჟირდება ახალი ამბები, არამედ ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და ღირსება ილახება“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.