ნიკა მელია - ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს, გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე
ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე, – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ზუგდიდში მომხდარ ფაქტს.
„სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში – რიგის, დისტანციის დაცვით.
ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც, რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.
როგორც კი საფრთხე გაანალიზდა, დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.
ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.
ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა“, – წერს ნიკა მელია „ფეისბუქში“.
საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, დღეს ხალხმრავლობა იყო ზუგდიდის ცენტრში. ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამედიცინო პირბადეები უფასოდ დაარიგეს და მოქალაქეები ამის გამო შეკრიბეს.