„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ კახა კალაძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ მელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
როგორც ნიკა მელია წერს, კახა კალაძე თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ზიზღის კამპანიაში გადაეშვა.
„კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნლოვანი ეტაპი გახდება. ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100-ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად მეტი, დეტალურად ხვალ.
ამის პასუხად, თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა.
ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმებისა და მათი პრობლემების გადაჭრის გზები!
ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში – არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში – პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია“, – წერს ნიკა მელია.