ნიკა მელია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევით, ღიად უარი ითქვა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მოსამართლეთა კონფერენციამ არაფრად ჩააგდო საერთაშორისო რეკომენდაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩია ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.
მელიას შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ღიად უარი ითქვა ევროკავშირის მიერ გაცხადებული რეკომენდაციების შესრულებასა და სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე.
„ყველამ ვიცით, ვინ არის ლევან მურუსიძე, რა რეპუტაციისა და ავტორიტეტის მქონეა, გამეორებით დროს არ წაგართმევთ. უბრალოდ, გუშინ სასამართლო სისტემამ და ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით ღიად უარი თქვეს ევროკავშირის მიერ გაცხადებული რეკომენდაციების შესრულებასა და სისტემის რეფორმირებაზე. ხელისუფლებას და თავად ამ მანკიერ სისტემას გუშინ შეეძლო ნაკლებად ცნობილი ვინმე მურუსიძის კანდიდატურის წაყენება და მისი არჩევა, მაგრამ რეჟიმმა ასე უტიფრად, ურცხვად და თავხედურად აირჩია თავად მურუსიძე და ამით გამოიწვია საზოგადოება და დასავლეთი. მურუსიძე და გვრიტიშვილი აქამდეც იყვნენ სასამართლო სისტემაში გავლენიან პოზიციებზე, უბრალოდ, გუშინ იმ თანამდებობებზე მათი არჩევით, უფრო გაუადვილდებათ მათნაირი მოსამართლეების დანიშვნა სასამართლო სისტემაში. რაც უფრო დიდხანს გაჩერდებიან ამ სასამართლო სისტემაში, მით მეტი და მეტი ლევან მურუსიძე ეყოლება ქართულ სასამართლო სისტემას. სასამართლო საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ყოველგვარ ავტორიტეტს მოკლებული კორუფციულ-კლანური ინსტიტუცია, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუს ოლიგარქს და არავის სხვას. სოსო გოგაშვილი, რომელიც გახლდათ ამ ხელისუფლების საყრდენი ბურჯი წლების განმავლობაში, სწორედ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს ასახელებს პირადად ივანიშვილთან გარიგებულ მოსამართლეებად, რომლებთანაც სუსი მუდმივ კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო „ოცნების“ სასარგებლოდ დავების გადასაწყვეტად. მათ უნდა შეესრულებინათ ნებისმიერი დავალება, რომელიც წამოვიდოდა „ოცნების“ მხრიდან და საჭიროების შემეთხვევაში, სუს-ი მიაწვდიდა მათ უკანონოდ მოპოვებულ შესაბამის ოპერატიულ მასალებს, რისი მეშვეობითაც მოხერხდებოდა კონკრეტულ მოსამართლეებზე უკანონო ზეწოლა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განმარტებით, ხელისუფლება დასავლეთს უცხადებს ღია ბრძოლას და უარს ამბობს შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებაზე, რაც იყო მიშელის დოკუმენტში და არის მოცემული ევროკომისიის 12 პუნქტში.
„შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევა უნდა შეჩერებულიყო, ვიდრე რეალური რეფორმა არ ჩატარდებოდა. 12 პუნქტში კი გარკვევით ეწერა, რომ უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჯეროვანი რეფორმა და ამის გატარების გარეშე არავინ იქ არ უნდა დაინიშნოს, მით უფრო ისეთი ოდიოზური პირები, როგორიც გახლავთ ბატონი მურუსიძე. აბსოლუტურად ყველა ელჩი მოუწოდებდა ხელისუფლებას, შეჩერებულიყო საბჭოს მოსამართლე წევრების დანიშვნა რეფორმების ჩატარებამდე. რით უპასუხა რუსულმა ოცნებამ? – 2021 წლის ბოლოს, ახალი წლის დღეებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფით საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომ საბჭოს ყოფილი წევრების ხელახალი არჩევა შესაძლებელი გამხდარიყო. 2022 წელს კი ევროკავშირის რეკომენდაციების მიღებიდან ზუსტად ათ დღეში ხელისუფლება ხელმეორედ ირჩევს ჩინჩალაძეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ. ამ ყველაფრის პარალელურად, ოლიგარქის სასამართლო კვლავ წარმატებით ახორციელებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და მიხეილ სააკაშვილის დატყვევების შემდეგ უკვე გვარამიას ატყვევებენ. მთელი დასავლეთი საუბრობს ჩვენს ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, რუსული ოცნება კი აცხადებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და რეფორმებს არანაირად საჭიროებს. გუშინ მურუსიძემ განაცხადა, თუკი ბრძოლა გინდათ, აგერ ვარ და მებრძოლეთო, ეს ღიად განუცხადა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია ამბობს, რომ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს.
„მოვუწოდებ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და გვეხმარებიან საქართველოს ეროვნული მისწრაფებების განხორციელებაში, მოახდინონ დროული რეაგირება და შესაბამისი შეფასება მისცენ ამ ფაქტებს. ნათელია, რომ რეკომენდაციების შესრულების თეორიული შანსიც კი დაკარგულია და გასაგები მიზეზების გამო, მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან სიცხადის შეტანა, რათა საზოგადოებამ მათგანაც იცოდეს, რომ ამ მთლიანად ყალბ პროცესად ქცეულ საპარლამენტო კენჭისყრებამდე მიყვანა, არის ისეთივე სიყალბე, როგორი სიყალბეც წარმოდგენილია „ოცნების“ მხრიდან მათი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.