ნიკა მელია - ისტორიულ ეტაპზე გადავიდა ბრძოლა და დარმუნებული ვარ, რომ მომავალი შეაფასებს დღევანდელ დღეს
ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ისტორიულ ეტაპზე გადავიდა ბრძოლა და დარმუნებული ვარ, რომ მომავალი შეაფასებს დღევანდელ დღეს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საეტაპო დღეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც ოპოზიცია არის შეკრებილი.
„ის, რაც დღეს აქ ხდება, არის დემონსტრირება იმისა, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ ოპოზიციური პარტიები, არ ვეგუებით უსამართლობას, არ ვეგუებით ძალაუფლების მიმტაცებელს, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა და დააპირა გაფორმება ამ მიტაცებული ძალაუფლების ოპოზიციური პარტიების მეშვეობით, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ხალხის მხარდაჭერით ამ ყველაფერზე თქვა უარი და უარის თქმის აქტი შესრულდა დღეს. ძალაუფლების მიმტაცებელთან გარიგებაზე ითქვა დღეს უარი და მჯერა, როგორც არასდროს, რომ არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში დადგება დღე, როდესაც ქართველი ხალხი დაიბრუნებს მის კუთვნილ პარლამენტს და შესაბამისად, პარლამენტის დაბრუნებით დაიბრუნებს სახელმწიფოს. მართლაც სუვერენული ხალხი შევა ამ პარლამენტში, როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და როგორც ამ ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, დღევანდელი პარლამენტი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.
„ეს არ არის ერთპარტიული პარლამენტი, იქ რაც დღეს ხდება, ეს არის ერთი კაცის პარლამენტი, ერთი ძალიან მდიდარი კაცის პარლამენტი. ერთია იყოს ერთპარტიული პარლამენტი, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და ცხოვრებას ზოგადად, მაგრამ მეორეა კიდევ უფრო უარესი-ერთი კაცის პარლამენტი. იქ არ არიან წარმოდგენილი 90 დეპუტატიც კი, იქ წარმოდგენილია ერთი ადამიანი, ოლიგარქი ივანიშვილის სახით“, – განაცხადა მელიამ.