ნიკა მელია ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვს. როგორც ნიკა მელია აცხადებს, მოღალატეობრივი აქტი უკვე ჩადენილია და ახლა ამას სჭირდება რეაგირება.
„ყველანი უნდა მოვიდეთ, არა პარლამენტის შენობასთან, არამედ პარლამენტში უნდა შემოვიდეთ. ეს აღარ არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. დეკლარირებული მოღალატე ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. პარლამენტის შენობაში დავრჩებით მანამ, ვიდრე კობახიძე არ გადადგება. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ჩაგესვათ პირდაპირ იმ სკამში.
მოღალატეობრივი აქტი უკვე ჩადენილია. ამას სჭირდება რეაგირება და არა მდინარაძის პრუწუნი, რომ ამ სივრცეში აღარ გაგრძელდება სხდომა და გაგრძელდება სხვა სივრცეში. ან შეგვრჩენია სიამაყის გრძნობა ქართველ ერს, ან აღარ გვაქვს და რა ვქნათ, შევეგებოთ?
მე მგონი ცდებოდა ივანიშვილი, რომ ხალხი ჰყავს დაბეჩავებული და შემოაპარეს პორცია-პორცია რუსული რეზიდენტური წარმომადგენლები. წარმოიდგინეთ, ახლა მე დამსვამენ რუსეთის დუმის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და რუსეთის საწინააღმდეგო განცხადებებს გამაკეთებინებენ? ეს კაცი იძახის, რომ აფხაზეთი და ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს ადამიანი იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ. კობახიძემ უნდა დატოვოს თანამდებობა და ყალბი არგუმენტებით არ უნდა დაიწყოს თავის მართლება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.