ნიკა მელია - ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს, ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე კონფლიქტის განსახიერებაა
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს, ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე კონფლიქტის განსახიერებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ისედაც დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის შუღლს აღვივებს და ამით კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება.
„ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს. არ შეიძლება, 2021 წელს ბატონი ღარიბაშვილი იყოს პრემიერ-მინისტრი და „ქართულმა ოცნებამ“ არ დაკარგოს ხელისუფლება. დიახაც, დაინიშნება ახალი არჩევნები, სადაც „ქართულ ოცნებას“ ალბათ ღარიბაშვილის ლიდერობით მოუწევს მონაწილეობის მიღება. ეს მათი პრობლემაა. ადამიანი, რომელიც დაკავებულია ისედაც დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ღვარძლის გაღვივებით და ვითარების დაძაბვით. ღარიბაშვილი თავიდან ბოლომდე გახლავთ კონფლიქტის განსახიერება, რომლისთვისაც ზიზღის ენა არის ორგანული. ეს ბატონი დემონსტრირებს, რომ ის გახლავთ მხოლოდ ერთი ადამიანის მორჩილი და არ ცნობს ქვეყანაში განსხვავებულ პოზიციას, არ ცნობს სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას და მეტიც, მტრულად არის განწყობილი განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ. როგორ შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილის პირობებში ცხოვრება გაგრძელდეს ჩვეულებრივად? ვერ გაგრძელდება, კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.