ნიკა მელია - იმედია, დღის ბოლომდე გომელაური გამობრძანდება და გააკეთებს განცხადებას, როგორ ხდება, რომ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები დღეს თბილისში ცხოვრობენ
ალექსანდრ კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან, იმედია, დღის ბოლომდე ხელისუფლება, განსაკუთრებით გომელაური გამობრძანდება და გააკეთებს განცხადებას, როგორ ხდება, რომ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები დღეს თბილისში ცხოვრობენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ კონკრეტული ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრების თაობაზე უნდა გააკეთოს განმარტებითი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
„რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ვიდეოკადრები, როგორ აყენებს შეურაცხყოფას თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს. ეს პირი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე აღმოჩნდა პუტინის გარემოცვის ოლიგარქის ალექსანდრ კოპოლკოვის შვილი, პაველ კოპოლკოვი. ის პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათით დააკავა, მოათავსა მცხეთის იზოლატორში და გაათავისუფლა გასაგები მიზეზების გამო. პაველ კოპოლკოვის ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინის ომში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტების და ეს ოჯახი ცხოვრობს თბილსიში. რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის ერთ-ერთი გასამხედროებული ორგანიზაციის სპონსორი. ორგანიზაციის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის, ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების, ალეშე რუსმონოვის იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო, დასავლური სანქციები.
კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან. ასე მუშაობს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორებს უშვებს საქართველოში, აცხოვრებს თბილისში. ამ ერთი ფაქტიდან გამომდინარე, ვინმეს სჯერა, რომ მსგავსი რუსეთის მოქალაქეები პუტინის რეჟიმს გამოურბიან რუსეთიდან საქართველოში? და მათ ომი არ უნდათ? მოვუწოდებ ხელისუფლებას, კონკრეტული ოლიგარქის მისი ოჯახის წევრების თაობაზე, გააკეთოს სწრაფად განმარტებითი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია ცნობილის საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისინი გვერდს ვერ აუვლიან განმარტებას. მათ უნდა გააკეთონ განმარტება ქართული საზოგადოებისთვის, უკრაინული საზოგადოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, როგორ ხდება, რომ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები დღეს თბილისში ცხოვრობენ, იმ ოლიგარქის ოჯახის წევრები, რომლებიც აფინასებენ ტერორიზმს უკრაინაში. სწორედ ასეთი ფაქტები აფუჭებს კიდევ უფრო ურთიეთობას საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის. ამიტომ, იმედია, დღის ბოლომდე ხელისუფლება, განსაკუთრებით გომელაური გამობრძანდება და გააკეთებს განცხადებას, ან აღიარებს, რომ ისინი თავიდან ბოლომდე არიან დეკლარირებულადაც უკვე რუსეთის კონტროლის ქვეშ, ან გასცეს პასუხი საერთაშორისო საზოგადოებას ბრიუსელში, სტრასბურგში, აშშ-ში, საქართველოსა და უკრაიანაში“, – განაცხადა მელიამ.