ნიკა მელია - გულახდილად გეუბნებით, პოლიციელები ტყვეობიდან არიან გასათავისუფლებელი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელებს მიმართა.
ნიკა მელიას თქმით, ეს ადამიანები ტყვეობაში იმყოფებიან და უნდა გათავისუფლდნენ.
„მართლა გჯეროდათ, რომ რეჟიმი იქნებოდა და იქნებოდა? პოლიციელებს მივმართავ, გჯერათ, რომ გომელაური იქნება ის, ვინც არის და ღარიბაშვილი იქნება ის, ვინც არის, ივანიშვილი იქნება ის, ვინც არის და კაცმა არ იცის უკვე სად არის. არა, ეს ასე არ იქნება. ნუთუ, გგონიათ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – ამერიკელები, ევროპელები, სხვა კოლეგები, რომლებმაც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიციები განახორციელეს ამ ქვეყნის დემოკრატიის განვითარების საქმეში, იმას დაუშვებენ, რომ წერა-კითხვა უცოდინარი ღარიბაშვილები მოაჯდნენ სამარადჟამოდ ამ ქვეყანას? ან რატომ იფიქრეთ, აი, იქ დაუშვით თქვენ პირველი შეცდომა, ეს რომ დაუშვით თუნდაც სამი წლის წინ. ახლა ვიცი, რომ ამის თქვენც კი არ გჯერათ. თუ შეიძლება, ნუ შედიხართ კომუნიკაციაში ამ ადამიანებთან, პოლიციელებთან ნუ შედიხართ კომუნიკაციაში, არ არის ეს ჩვენი საქმე. გულახდილად გეუბნებით, როგორც მეგობარი მეგობრებს, ეს ადამიანები არიან ტყვეები, ტყვეობაში არიან და გასათავისუფლებლები არიან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ კოალიციური ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე სუს-ი გაუქმდება.
„ეს ბოროტების შენობა, აქ სხედან ადამიანები, ვინც ერსაც, ბერსაც უსმენს, უკანონო მიყურადებას ახორციელებენ, მერე აშანტაჟებენ, შემდეგ ადამიანებს უბრალოდ უნგრევენ მთელ ცხოვრებას. სუს-ი გამარჯვებისთანავე და კოალიციური ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე აუცილებლად გაუქმდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.