ნიკა მელია - გრიგოლ ვაშაძემ ერთი კვირა შლანგით რეცხა „ქართული ოცნება“
გრიგოლ ვაშაძემ ერთი კვირა შლანგით რეცხა „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რასაც თვალყურს ვადევნებთ, ხმაშეწყობილი ვიყოთ, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები. ეს ხომ ჩვენს მომავალს ეხება. 250 წელია, ამ ბრძოლაში ვართ, არა? მე არ მიკვირს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ბატონი კობახიძისა და კალაძის, რასაც აკეთებენ. მე არ მიკვირს მათი გამართლების არგუმენტები, რომ კონტრაბანდა აქ არ არსებობს, მაგრამ მე ნამდვილად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც თავი ოპოზიციონერებად მოაქვთ, ეთერ-ეთერ დადიან და საუბრობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა შავი ხვრელი აღარ დარჩეს და ყველანაირი კონტრაბანდული გადაზიდვები გამორიცხულიაო. ეს ადამიანი დეპუტატია, თავს ოპოზიციონერად თვლის. მათ შორის, ბატონი გრიგოლ ვაშაძე. პატივს ვცემ კიდეც წარსულს, მაგრამ მაპატიეთ, სიმართლე არ თქმულა ამ ადამიანთან დაკავშირებით, ბევრ მათ შორის ოპოზიციურ არხზე. აბა, მე გამეკეთებინა ის განცხადებები, რაც მან გააკეთა? ერთი კვირა რეცხა შლანგით „ქართული ოცნება“. მე არ მომისმენია არც ერთი სიუჟეტიც კი ამასთან დაკავშირებით. ზელენსკი რატომ დგას ასე მაგრად და მდგრადად ფეხზე. იმიტომ, რომ სანამ პუტინი იერიშზე წავიდოდა, მან თავისი ადგილი მიუჩინა ბევრ მოღალატეს და ბევრ ორ სკამზე მჯდომ ადამიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის, პირველ რიგში, პირადად აღმოჩნდებოდა ალყაში. მე არავისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ ვაპირებ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.