ნიკა მელია - გეგმა არის ერთადერთი, არ იქნება მოსვენება, ეს რეჟიმი მშვიდობიანად ჩამოინგრევა, არც ერთ ჩვენგანს არ და ვერ ექნება ძალადობის მიზანი, რადგან მართალი ხალხი ასე არ იქცევა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კადრების გასაჯაროება მოუწია.
მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალადობით შეიყვანეს და ეს კადრებზეც აღბეჭდილია.
„რასაც ვუყურებთ ყოველდღიურად, ეს არ არის მართლმსაჯულება, არც მეტი და არც ნაკლები, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ პირადი შურისძიება. ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უსამართლო სასამართლოთი სარგებლობის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა. პროცესზე არ ასწრებენ ადამიანს, რომელსაც უკვე რამდენი ხანია, არ აძლევენ უფლებას, სატელეფონო ზარები განახორციელოს,
ადამიანს, რომელსაც ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე იტაცებენ. ადამიანს, რომელზეც ძალადობს სისტემა და მერე იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს ის კადრები, სადაც აღბეჭდილია მასზე ძალადობა, მეორე – სტრასბურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს იმ კადრების გასაჯაროვება და მათთვის მიწოდება, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი მათი ენით შესახლებული, მაგრამ სინამდვილეში, უბრალოდ ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში, გადაწყვიტეს მათთვის უმტკივნეულესი დილემა ისე, როგორც გადაწყვიტეს და მოუწიათ გასაჯაროვება, სადაც ჩანს ის, რაც თავში ვთქვი – ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყნისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტია და ივანიშვილი უბრალოდ მასზე ძალადობს, ახორციელებს შურისძიებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, გეგმა ერთადერთია – არ გაჩერდეიან, თუმცა იმოქმედებენ მშვიდობიანად.
„გეგმა არის ერთადერთი – არ იქნება მოსვენება, მეთოდურად ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი ჩამოინგრევა, მშვიდობიანად ჩამოინგრევა. არც ერთ ჩვენგანს არ და ვერ ექნება არანაირი არც ამოცანა, არც მიზანი ძალადობისა, არ და ვერ ექნება სადმე შეჭრისა, არ და ვერ ექნება ვინმეზე შეურაცხყოფის მიყენებისა, რადგან მართალი ხალხი ასე არ იქცევა, მართალი ხალხი იქცევა ისე, როგორც ვიქცევით უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მართალი ხალხი მშვიდობიანად, მტკიცედ და ურყევად იბრძვის და ასე ანგრევს რეჟიმს. დიახაც, ხანგრძლივი, ხალხმრავალი, უწყვეტი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა მეთოდურად ჩამოშლის ამ რეჟიმს ყოველდღიურად.
რამდენ ადამიანს დაიჭერენ? გუშინ ჩვენ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. აბსოლუტურად სწორ ადგილას როგორ აკავებდნენ ადამიანებს იმ ყველაფრის შიშით, რომ ხელისუფლებამ მიტაცებული ძალაუფლება არ დაკარგოს, მაგრამ ეს გარდაუვალია, ეს ასე მოხდება. ადამიანები ფეხით სავალ ნაწილზე იდგნენ, ინტერვიუებს იძლეოდნენ და ასე იტაცებდნენ. პოლიტიკოსები, საკრებულოს წევრები მხოლოდ ძალადობაზე და შიშზე დგანან. ხელისუფლებამ იცის, რომ სხვა გზა მას უბრალოდ არ აქვს, მაგრამ ისიც ძალიან კარგად იცის, რომ მილიონზე მეტი ადამიანი არის აქტიურად მისი მოწინააღმდეგე ამ მცირე ქვეყანაში, საიდანაც დაცალეს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მნიშვნელოვანი ნაწილი არის ქვეყნიდან გასული. ამიტომ, 46-ს დაიჭერენ? 4 000-ს დაიჭერენ? არაფერი, მეთოდურად რეჟიმი წაიქცევა, გაშიშვლდება ბოლომდე საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია ამბობს, რომ გეოგრაფიულად სხვადასხვა ადგილას იქნება საპროტესტო აქციები. „ჩემი თხოვნა იქნება, კითხვა ნუღარ დაისმება, რა არის გეგმა. გეგმა არის მარტივი – რეჟიმთან ბრძოლა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას განცხადებით, ამ ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს.
„ამ ქვეყანას ჰყავს რეჟიმი. კობახიძე, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი – თქვენ იმდენად ცდებით, არც საქართველოს ისტორია იცით, არც ის, ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა რომ გარდაუვალ მარცხს ნიშნავს. ისტორიულად ისიც არ იცით, რომ ძალადობით, სპეცრაზმელებით, პოლიციელებით, პროკურორებით და მოსყიდული მოსამართლეებით ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებთ. ეს არის თქვენი ბოლო ეტაპი. ჩვენი ამოცანა არის, ერთი მხრივ, მტკიცე, მშვიდობიანი, მეთოდური, ყოველდღიური საპროტესტო აქციებით ამ რეჟიმის დამარცხება. ჩვენ დავინახეთ გუშინ, როგორ არ შედის მათ გეგმებში ჩვენი მშვიდობიანი მძლავრი საპროტესტო აქციები და უწევთ ძალადობა. ამ ყველაფერს მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც ხედავს, როგორ აკავებენ ადამიანებს განურჩევლად სტატუსისა – პოლიტიკოსი იქნება ეს, საკრებულოს წევრი, თუ რიგითი გულანთებული ადამიანი, რომელიც იღებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, აკავებენ უმიზეზოდ. კიდევ ერთხელ გეკითხებით, რამდენს დააკავებენ? 2 000, 3 000 ადამიანს ხომ ვერ დააკავებენ და სხვა რა გამოსავალი დარჩებათ, თუ არა აღიარება, რომ მიტაცებული აქვთ არჩევნები. ამიტომ ნუ ექნებათ ილუზია, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა შეჩერდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.