ნიკა მელია - განსაკუთრებული მადლობა ჟიგიმანტას პავილიონისს, რომელმაც გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება, მის გარეშე არ მგონია, ეს შედეგი დამდგარიყო
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ მადლობა გადაუხადა მედიაციის პროცესში მონაწილე ელჩებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ყველა გულშემატკივარს.
თუმცა, ნიკა მელიას თქმით, განსაკუთრებულ მადლობას უხდის ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისს.
ნიკა მელიას შეფასებით, ჟიგიმანტას პავილიონისმა საერთაშორისო საზოგადოება გამოაღვიძა.
„დასანანია, რომ ეს აურზაური მოხდა, არ ვიცი, ელემენტარული საკითხი იყო, თუმცა იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქვეყანაში მოსახლეობას აწუხებს, რა მოსატანია ის წუხილი, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია, პრაქტიკულად, სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. ციხის ადმინისტრაციამ არ მიიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დავალება ჰქონდათ, ამ ხელისუფლების გუნება ჩანს წვრილმან დეტალშიც კი, რასაც ამხელა გაუგებრობა მოჰყვა.
მინდა, პირველ რიგში გათავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტპატიმარს, ყველა პატიმარს, განურჩევლად, რა სასჯელს იხდიან ციხეში, ცხოვრებაში შეცდომა ყველას მოსდის. ალბათ ბევრი პატიმარი მიყურებს, საქართველოს ყველა ციხეში, ადრე თუ გვიან, უფრო ადრე, ვიდრე გვიან ვუსურვებ მათ გათავისუფლებას და ოჯახის წევრებთან დაბრუნებას. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მიუხედავად იმისა, პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებული, თუ არა, თუმცა ამ ციხეში, სადაც მე ვიყავი, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია და ასევე განსაკუთრებით მათ ვუსურვებ გათავისუფლებას.
ასევე, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით გულშემატიკვროვდა და გულშემატკივრობს ქვეყანაში სტაბილურობას, არა მძიმე სტაბილურობას და რეჟიმის ფარგლებში სტაბილურობას, არამედ ნორმალური ცხოვრების ფარლებში სტაბილურობას.
მადლობას გადავუხდი და ხაზგასასმელია ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი და მონდომება, ძალისხმევა ამ პროცესში, მადლობას ვუხდი მე მას, როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს, თავისი მიზეზები აქვს ამას, რატომაც ხაზს ვუსვამ და მის პროფესიონალიზმსაც. ხაგზასმით მინდა, მადლობა გადავუხადო კარლ ჰარცელს. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს მას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მათ შორის მადლობას ვუხდი აშშ-ის ელჩს, თუმცა, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჟიგიმანტას პავილიონისს. ეს არის ადამიანი, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გადაჭარბების გარეშე გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება, და მაშინ, როდესაც ალბათ ბევრი თვალსაზრისით ყველაზე მეტად მიჭირდა, ჩამოფრინდა ლიეტუვიდან საქართველოში და მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად, ამის შემდეგ უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ. რომ არა ბატონი პავილიონისი, არა მგონია, ეს შედეგი დამდგარიყო, ვგულისხმობ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გამოხმაურებას“, – განაცხადა მელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების გათვალისწინებით, წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, ნიკა მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარი, ევროკავშირის ეგიდით „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო.