ნიკა მელია - შეიძლება, ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა და სულის ცხონებისთვის მზადაა, აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად ამას არ ვაპირებ
„ევროპული საქართველო“ ცდილობს, მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება.
„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისთვის, სრულიად და კატეგორიულად მიუღებელია „ევროპული საქართველოს“ მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არ დაისჯება არავინ – არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ.
„ევროპული საქართველო“ ცდილობს, ეს ყველაფერი მოგვაწოდოს შურისძიებასა და რევანშზე უარის თქმად. მახინჯი მზეთუნახავად შემოგვასაღოს, პროგრესულობის შარავანდედი დაადგას იმას, რაც დამღუპველია ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი არც მეტი არც ნაკლები, ივანიშვილისთვის და ივანიშვილის გარემოცვისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიცემაა. მეტიც, კარტბლანშის მიცემაა მთელი „ქართული ოცნებისთვის“ მოახლოებული 2020-ის არჩევნების კონტექსტში.
გასაგებია, ვირთხას კუთხეში თუ მიიმწყვდევ, უფრო აგრესიული გახდება, მაგრამ ამიტომ, ვირთხა წისქვილში უნდა დაპატიჟო და ნებაზე მიუშვა? ვინ უნდა აგოს პასუხი და ვინ არა, ამას არც მე ვადგენ, არც ბოკერია და არც არავინ. ამას ადგენს კანონი და ვისაც ჩადენილი აქვს (და ჩაიდენს) სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ვერც ერთ დამნაშავეს ვერ მოვატყუებ და ვერ ვეტყვი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ხახვივით შერჩება ის სახელმწიფო ქონება, რაც მიიტაცა, ის სიმდიდრე, რომელიც დააგროვა საქართველოს მოქალაქეების, ბიუჯეტის ყვლეფის ხარჯზე. მათ მიერ მიტაცებული დაუბრუნდება სახელმწიფოს. დიახ, ზღვა დაშორდება ივანიშვილის ეზოს და ამას უნდა შეეგუოს ახლავე.
ვისაც არც სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და არც ქონება არ აქვს მიტაცებული, ცხადია, არავინ მოსთხოვს პასუხს, არც რამე ჩამოერთმევა და არც ციხეში გამოამწყვდევს ვინმე. არჩევნებში მარცხით, მათ უკვე გადახდილი ექნებათ პოლიტიკური ფასი.
დიახ, ჩვენ უარს ვამბობთ რევანშზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად არავის დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
პოლიტიკური განცხადებების, საქმიანობის გამო, არავინ აღმოჩნდება ოქრუაშვილივით ციხეში და არც სახლს ვუქცევთ რომელიმე პოლიტიკოსს ციხედ.
დიახ, შურისძიება არ უნდა იყოს და არც იქნება, მაგრამ ბოდიშის მოხდით მინდა ვიკითხო:
– შურისძიება იქნება, როდესაც დაისჯებიან ისინი, ვისაც წვლილი მიუძღვით კერძაიას სიკვდილში?
– შურისძიება იქნება, როცა დაისჯებიან არჩევნების გამყალბებლები, რომელთა დანაშაულები ფირზეა აღბეჭდილი?
– შურისძიება იქნება მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯა?
– გეკითხებით, შურისძიება იქნება იმათი დასჯა ვინც ტომარა თავზე ჩამოაცვა მუხთარლის?
– შურისძიება იქნება, როცა სახელმწიფოს საკუთრების მიმტაცებლებს უკან დააბრუნებინებ სახელმწიფოსგან მოპარულს?
– შურისძიება იქნება ფარცხალაძის დასჯა?
– შურისძიება იქნება საყდრისის ამფეთქებლების დასჯა?
– შურისძიება იქნება გაშიფრული ზონდერების დასჯა?
– შურისძიება იქნება თუ ვანო ჩხარტიშვილს გამოძიება შეკითხვებს დაუსვამს?
არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა, აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის „გმირებისთვის“ რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ. იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ, რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს, იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქში და რაც მთავარია, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ არ არის მომხრე გამოთქმის – “ივანიშვილი ციხეში”.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ამავე საკითხზე განაცხადა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება. ბაქრაძის თქმით, მათი პარტიის მიზანი არის არა ვინმეს დასჯა, არამედ კანონის უზენაესობა.