ნიკა მელია - აქციაზე მისვლისკენ მოწოდება არ არის კამპანია, ეს არის ეგზისტენციალური საკითხის გადაწყვეტის პროცესი
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები გლდანში მოსახლეობას ხვდებიან. ისინი მოქალაქეებს კვირას, 8 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, ეს ეგზისტენციალური საკითხის გადაწყვეტის პროცესია.
„ეს არ არის კამპანია, ეს არის ეგზისტენციალური საკითხის გადაწყვეტის პროცესი. რომელიმე ცალკე აღებული ერთი, ორი, ხუთი, შვიდი პარტიის მხარდასაჭერად კი არ უნდა მოვიდეს ხალხი რუსთაველის გამზირზე კვირას, 15:00 საათზე, არამედ უნდა მოვიდეს იმაზე მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად, ვიდრე წარმოგვედგინა საზოგადოებას. საკითხი ეხება იმას, ამ ქვეყანაში არჩევნები გვექნება თუ არ გვექნება. აუცილებლად გვექნება, ხალხის დემოკრატიული ტალღა ძალიან მალე აზვირთდება და ივანიშვილს აიძულებს, თავადვე არ აღიაროს არჩევნები. მან უნდა თქვას, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ჩაუტარებია. ქვეყანაში ჩატარდება ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.