ნიკა მელია - ერთადერთი ნორმალური მინისტრი, რომელიც ყავდათ კაბინეტში, ზურაბ ალავიძე იყო
ნიკა მელია - ერთადერთი ნორმალური მინისტრი, რომელიც ყავდათ კაბინეტში, ზურაბ ალავიძე იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია აცხადებს, ზურაბ ალავიძე ერთადერთი ნორმალური მინისტრი იყო მინისტრთა კაბინეტში.

მელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძის მაია ცქიტიშვილით ჩანაცვლებას გამოეხმაურა.

„უკვე ძალიან შეურაცხმყოფელია ბატონი კვირიკაშვილის ბრიფინგები და კვლავ გასაღება, თითქოს ის ნამდვილად წარმოადგენს პრემიერ-მინისტრს. ერთადერთი ნორმალური მინისტრი, რომელიც ყავდათ კაბინეტში, ეს იყო ბატონი ალავიძე და ისიც ბატონი ივანიშვილის დავალებით გადააყენეს სრულიად დამამცირებლად და დანიშნეს ივანიშვილის უახლოესი ადამიანი. როგორც ჩანს, იგი ჩვეული ელასტიურობით და მოქნილობით ვერ აფათურებდა ხელებს საკუთარი გემოვნების მიხედვით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც სურდა.

ბატონი კვირიკაშვილი, არათუ ქვეყანაში, საგარეო პოლიტიკაში, არამედ ზოგადად, ვერაფერს წყვეტს ამ ქვეყანაში, იმავე სართულზეც კი, სადაც დღეს საუბრობდა და ყვავ-ყორნები უწოდა ჟურნალისტებს. მას არ აქვს ბერკეტი, რეალური გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, ვფიქრობ, ბატონი კვირიკაშვილისა და ივანიშვილის ასეთი ტანდემი, რითიც ივანიშვილი მშვენივრად სარგებლობს, რათა დამატებით ასობით მილიონი იშოვოს, ძალიან მალე უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.