ნიკა მელია - ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც შეიძლება, შევარდნისა და შეჭრის გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ სხვისი სიცოცხლის საფრთხე როდესაც არსებობს, ასეთი განცხადებები, რბილად რომ ვთქვა, პოპულიზმია
ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც შეიძლება, შევარდნისა და შეჭრის გამოცდილება ჰქონდეს, მაგრამ, როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხე არსებობს, ასეთი განცხადებები, რბილად რომ ვთქვა, პოპულიზმია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ეს არჩევნები პრაქტიკულად წარიმართა რა ხაზით – ვინ შევა და ვინ გამოიყვანს სააკაშვილს. აქ რეალურად დაცლილი იყო პოლიტიკური პრაგმატიზმი. ნამდვილად არ ვისურვებდი, იმავე ლევანის ადგილას ყოფნას. ერთი მხრივ, მართლა ვშიშობ, რომ არ აღმოჩნდნენ ისინი ტყვეობაში ამ არარეალისტური დაპირებების. მათ შორის, ერთია, რომ შეიჭრება, რაღაცას შეამსხვრევენ და იქიდან გამოვლენ, წარმოუდგენელი იყო ჩემთვისაც და ვფიქრობ, ბევრი ადამიანისთვის. ვინაიდან, თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება, ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ, ეს გამოცდილება მიმიღია. საზოგადოებას გაუკიცხივარ თუ არ გაუკიცხივარ, ფაქტია, ეს ჩემს ბიოგრაფიაში არსებობს. გაცილებით მარტივია ამის გაკეთება, როდესაც შენ საკუთარი თავისუფლების და ჯანმრთელობის რისკის ფასად დგამ ამ ნაბიჯს, მაგრამ მაშინ, როდესაც სხვისი სიცოცხლის საფრთხეა, რომელიც ტყვეობაშია, ასეთი განცხადებების გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ, არაფერია, გარდა პოპულიზმისა. იმძლავრა ამომრჩეველთა ნაწილში სწრაფად საკითხების გადაწყვეტის სურვილმა. სამწუხაროდ, მოხდა მიხეილ სააკაშვილის სახელისა და გვარის ინსტრუმენტალიზაცია, რაც მე არ მიკადრია და არც ახლა ვიკადრებ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ამასთან, მელიამ კაპიტულანტური უწოდა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ დათმობენ პარლამენტისა და საკრებულოს მანდატებს.
„ამ 48 საათშიც დავინახე უფრო მეტი შეცდომა, იმედია, პოზიციები გადახედილი იქნება და რაციონალურობას დაუბრუნდებიან, რადგან ეს საერთო ბრძოლას წარმატებას არ მოუტანს. განცხადება, რომელიც თავიდან მეგონა ცოტა ირონიული, თუმცა მალევე მიიღო კარგად დამუშავებული გზავნილის ფორმა, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კაპიტულანტური პოზიცია. კაპიტულანტური პირობების გაწერა მოხდა თურმე. ამ პარტიას უბრძოლია, გაუმარჯვია, ხელისუფლებაში მოსულა, შეცდომები დაუშვია, დაშვებული შეცდომების შედეგად ხელისუფლება დაუკარგავს, მერე შეცდომებზე გვისწავლია, რაღაც ნაწილს შეცდომებზე არ უსწავლია და ამ ნაწილს პარტიის მართვაც და ხელისუფლებაში მოსვლაც სურს მომავალში, რაც გამორიცხულად მეჩვენება, მაგრამ არასოდეს ამ პარტიას კაპიტულაციური პირობები არ გაუწერია და ასე საჯაროდ სიამაყით არ განუცხადებია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.