ნიკა მელია - ძალიან სამწუხაროა, გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ ადამიანურადაც გული დაგვწყვიტა, ეტყობა, ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში
ნიკა მელია - ძალიან სამწუხაროა, გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ ადამიანურადაც გული დაგვწყვიტა, ეტყობა, ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში

როდესაც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, ნებისმიერი განცხადების გავრცელების გაკეთების დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით. როდესაც განცხადება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას.

მისივე თქმით, დიალოგის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ ეს მშვიდობიანი აქციის პარალელურად უნდა მოხდეს.

„ზოგადად, როდესაც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, რომელიც აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით და ეს გამარჯვება განსაზღვრავს ამ ქვეყნის მომდევნო მინიმუმ 10 წელს, ნებისმიერი განცხადების გავრცელების გაკეთების დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით. როდესაც განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან მას სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი, ან ისმენს მსმენელი, ეს უკვე არ არის საუკეთესო განცხადება.

მთავარი, რაც ფართო საზოგადოებას აქვს გაცხადებული, არის ის მოთხოვნები, რომელიც გაცხადდა რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც პარტიების უნიკალური ერთობაა, სადაც გაერთიანდნენ განსხვავებული საზოგადოებრივი ჯგუფები და პოლიტიკური ჯგუფები. თუმცა აქვე შემიძლია დავძინო, ჩვენ ერთმანეთს პოლიტიკოსებს ვუწოდებთ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სანამ ქვეყანაში პოლიტიკა არ კეთდება, პოლიტიკოსიც არ არსებობს. შეიძლება რომ ექიმი იყო და სამედიცინო სფერო არ არსებობდეს?!ამიტომ, ჩვენ ვიბრძვით ქვეყანაში სამართლიანი არჩევნებისთვის კი არა, უბრალოდ არჩევნების შესაძლებლობისთვის. სამართლიანი და უსამართლო კი არა, უსამართლო არჩევნებიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს. ამას ხედავს ყველა და ისტორიულად, რუსთაველის გამზირზე გადაწყვეტილა ამ ქვეყნის ბედი, ისევე როგორც გუშინ რუსთაველის გამზირზე ხედავდით უამრავ ლაღ, პატრიოტ ახალგაზრდას და არა მხოლოდ, როგორ აპროტესტებდნენ რეჟიმის შეზღუდვებს. აი, ასეთი სიმტკიცით და ასეთი ერთობით ხალხი გაიმარჯვებს“, – განაცხადა მელიამ.

მელია პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას სამწუხაროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მან განცხადება პარტიის პრესსამსახურის გვერდის ავლით გაავრცელა.

„სამწუხაროდ, ამ ყველაფრის შესახებ არავინ არ ვიცოდით, მათ შორის არც მე. ამიტომ, ძალიან სამწუხარო და გაუგებარია, მით უფრო, როდესაც პარტიაში არსებობს პრესსამსახური და ბატონ გრიგოლს არასოდეს არანაირი განცხადება არ გაუვრცელებია პრესსამსახურის გვერდის ავლით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან ეს გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დაგვწყვიტა. ეტყობა, ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში. ეტყობა, ყველა კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რას ვსაუბრობთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. არავინ არ არის დიალოგის წინააღმდეგი, არც ერთი ადამიანი, ვინც რუსთაველის გამზირზე მოდის, მაგრამ, ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად და დიალოგი გაიმართება მხოლოდ სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით კი არა, უბრალოდ ჯერ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით. აი ეს გამოწვევა გვაქვს.

თქვენს მშობლებს როგორც მოუპოვებიათ გამარჯვება და თავისუფლება რუსთაველის გამზირზე წლების წინ მშვიდობიანად, აი ასე. აბა თქვენ გგონიათ, რომ არჩევნების გარეშე დარჩება ქვეყანა?“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით კი მან დამატებით განმარტა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.