ნიკა მელია - ძალიან მშვიდად უნდა შევიდეთ უბნებზე და დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან, საარჩევნო შტაბებში ყოფნა ახლა დეზერტირობაა
ნიკა მელია - ძალიან მშვიდად უნდა შევიდეთ უბნებზე და დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან, საარჩევნო შტაბებში ყოფნა ახლა დეზერტირობაა

მინდა, მივმართო ყველა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მათი პარტიების წარმომადგენლებს, ჩემი ჩათვლით, ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის, ახლა ძალიან მშვიდად, ვისაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია, უნდა შევიდეთ უბნებზე და დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო შტაბებში ყოფნა ახლა დეზერტირობაა.

„დღის განმავლობაში ყველამ ვიხილეთ, დავინახეთ, თუ რა არის „ქართული ოცნების“ სახე. თვითონაც მძულს უკვე ეს ფრაზები, ეპითეტები, თითქოს ვამკობ ხელისუფლებას, როდესაც ვამბობ, რომ ისინი არიან მოძალადეები, ისინი არიან აგრესორები, მაგრამ ფაქტის კონსტატირებას ვახდენ უბრალოდ. ჩვენ დავინახეთ დღეს, რომ „ქართული ოცნება“ მარცხნივ არის, კილომეტრებით დაშორებული არის პოლიტიკისგან. მათ პრეტენზიაც კი არა აქვთ, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. თავიდან ბოლომდე არიან ძალადობაზე, ძალისმიერი მეთოდებით, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ვითომ ძველი ბიჭებით, რომლებიც არიან ამოფარებული პოლიციელებს და პროკურორებს. ასე ატარებენ ესენი არჩევნებს, მაგრამ მიუხედავად მათი ძალადობისა, მიუხედავად ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ. არ ეყოთ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მან მადლობა გადაუხადა საკუთარ მხარდამჭერებს.

„ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ თქვენ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს, ხალხნო, როდესაც თბილისში, იმიტომ კი არა რომ მე ჩემს თავზე მინდა ახლა საუბარი, არა, უბრალოდ გინდა-არ გინდა ვარ ყურადღების ცენტრში, ვინაიდან ვარ მილიონნახევრიანი დედაქალაქის კანდიდატი მერობის, საერთო ოპოზიციური კანდიდატი და მე მისწორდებიან ფიზიკურად ეს ზონდერები. ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, ვინც ახლა, ვიდრე ვსაუბრობთ თითოეული ხმისთვის იბრძვის ჩემ გვერდით, ჩემ გარშემო. თქვენ ხართ, მედიის წარმომადგენლები ხართ, მაგრამ მთელი ამ 2 000 საარჩევნო უბნის ფარგლებში შიგნით, ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება. ეს ადამიანები, ეს შპანა და ბრიგადები ძალადობრივი, რომელიც შექმნეს კალაძემ, ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა და კობახიძეებმა, მარცხდებიან, მაგრამ ფიზიკური ანგარიშსწორების მიღების ხარჯზე, მაგრამ ღირს სიცოცხლის დათმობაც კი, ამ სიველურის დამთავრებისთვის.

ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, ამომრჩეველს, ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც არჩევანი დღეს გააკეთა კოალიციური მმართველობის სასარგებლოდ, რომელმაც დღეს არჩევანი გააკეთა სიკეთის სასარგებლოდ, ცვლილების სასარგებლოდ, კონკურენციის სასარგებლოდ, შეჯიბრებითობის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, მაინცდამაინც მზე და მთვარე არ ამოსდიოდეთ იმ პოლიტიკური პარტიებზე, რომლებიც გავერთიანდით კოალიციური გუნდის სახით, მაგრამ ყველა მიხვდა, ბავშვიც კი მიხვდა, რომ რეალობა ვერ შეიცვლება ცვლილებების გარეშე. ახლა, თქვენ წარმოიდგინეთ რა არის რეალური შედეგი. ამ ძალადობის ფონზე, როდესაც ყველა მსხვილ ქალაქში ოპოზიცია იმარჯვებს, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ არა კანონიერი ქურდები, რომ არა ძალადობა, რომ არა კრიმინალი, რომ არა პოლიციელი, რომ არა პროკურორი, რამხელა სხვაობა იქნება ოპოზიციის სასარგებლოდ? ხომ წარმოგიდგენიათ? მაგრამ ახლა მე მინდა, მივმართო ყველა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მათი პარტიების წარმომადგენლებს, ჩემი ჩათვლით ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის. ახლა ძალიან მშვიდად, ვისაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია, უნდა შევიდეთ უბნებზე და დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან ხალხნო“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, შეუძლებელია კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი ვერ აცნობიერებდნენ, რომ მათ მხარდაჭერა აღარ აქვთ.

„მეტი რაღა უნდა მოხდეს ჩემო კარგებო, რასაც თქვენ კადრულობთ. ფულის შრიალი არ მიხსენებია, ხომ, ამდენი ხანია, ვსაუბრობ ფულის შრიალი, პასპორტების ჩამორთმევა, დაშინება, მუქარა, რომ შენ არჩევნებზე არ წახვიდეთ. არაფერი არ გყოფნით და მაინც ის მდგომარეობაა, რაც ახლა არის. ამიტომ, ახლა ვისაც აქვს შესაძლებლობა, საარჩევნო უბნებზე უნდა შევიდეთ, ვისაც აქვს შესაძლებლობა. მე, როგორც კანდიდატს მეკრძალება საარჩევნო უბნის შიგნით ხმის დათვლის პროცესს დავაკვირდე, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს შესაბამისი აკრედიტაცია და ახლა არის რეალურად, დეზერტირობა საარჩევნო შტაბებში ყოფნა. დიახაც, ჩვენი გმირი ხუთი ათასამდე კომისიის წევრი და წარმომადგენელი იცავს ამ ქვეყნის მომავალს ადგილზე და იქ უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.