ნიკა მელია - დიდი პარტია ვართ, სხვადასხვა გავლენა და ინტერესებია ჩვენს პარტიაში, სააკაშვილი დიდი პოლიტიკური ფიგურაა და შესაძლოა, ჩვენდაუნებურად ჩვენს კოლეგებს რაღაცა კომპლექსს უჩენდეთ, მაგრამ მერწმუნეთ, თუ რამე გვინდა, ეს ერთობაა
კარგად ვიცი, რომ დიდი პარტია ვართ, სხვადასხვა გავლენა და ინტერესებია ჩვენს პარტიაში, ეს ნორმალურია, ევროპული ყაიდის პოლიტიკური ორგანიზაციაა. სააკაშვილი დიდი პოლიტიკური ფიგურაა და შესაძლებელია, ჩვენდაუნებურად ჩვენს კოლეგებს რაღაცა კომპლექსს უჩენდეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თავისუფლების მოედანზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, არასოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა არ ყოფილა იმდაგვარი, როგორიც არის ახლა. კერძოდ, ნიკა მელიას განმარტებით, პარტია ერთობისკენ და ერთსულოვნებისკენ მიისწრაფვის.
„ჩვენ არ გვინდა ვიღაცის დამარცხება, გვინდა, გამარჯვება, გვინდა, ქვეყანაში იცხოვრებოდეს, ბევრი ბედნიერი, ლაღი ადამიანი ცხოვრობდეს. ამიტომ ვიბრძვით, ამიტომ ზვარაკად ვეწირებით. ამიტომაც გადადგა ეს ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილმა. ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ დიდი პარტია ვართ, მართლაც დიდი პარტია ვართ, სხვადასხვა გავლენა და ინტერესებია ჩვენს პარტიაში ხომ, ნორმალურია, ევროპული ყაიდის პოლიტიკური ორგანიზაციაა. მიხეილ სააკაშვილი დიდი პოლიტიკური ფიგურაა და შესაძლებელია, ჩვენდაუნებურად ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს რაღაცა კომპლექსს უჩენდეთ, მაგრამ, მერწმუნეთ, ხალხო, და მიხარია, რომ უმრავლესობა დარწმუნებულია იმ სიტყვებში, რასაც ახლა ვიტყვი – არასოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა არ ყოფილა იმდაგვარი, როგორიც არის ახლა. თუკი რამე გვინდა, რაიმესკენ მივისწრაფვით, ეს არის ერთობა და გაერთიანება, ეს არის ერთსულოვნება, ერთიანი მოძრაობა, ერთიანი არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ერთიანი სახალხო მოძრაობა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
მელიას განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას არ აპირებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსვლას არ ვაპირებთ, შესაძლებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე ამომრჩევლების რაღაც რაოდენობას არ მოსწონს, როდესაც ამას ვამბობ, მაგრამ პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ ჩვენი მისწრაფებები არის ევროატლანტიკური, დასავლეთისკენ, ცივილიზაციისკენ, დიახაც, ცივილიზაცია და დასავლური დემოკრატია მუშაობს ერთიანობით და მრავალფეროვნებით. დიახაც, ამ ყველაფრის პიონერებიც გვინდა, ვიყოთ, ჩვენ გვიხარია, რომ ბევრ კოლეგა ოპოზიციური პარტიის ლიდერს და თანამებრძოლს დღეს ეს კომპლექსი აღარ აქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, დავარწმუნოთ ერთმანეთი, რომ ეს საქართველო, ეს მოედანი, ეს თბილისი, სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, ყველას ეკუთვნის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც მინდოდა, ყველა ოჯახში შესულიყო. არ ვხუმრობთ, ბიძინა ივანიშვილო, ჩვენ უკან დამხევები არ ვართ სიცოცხლის ფასადაც კი, მაგრამ ეს სიცოცხლე ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. არც ერთ ჩვენგანს, დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, გაგრძელებული ნებისმიერი ჩვენგანით, არაფერი იმაზე ძვირფასი არ გვაქვს, ვიდრე ჯანმრთელობა და სიცოცხლეა, მაგრამ სიცოცხლეც და ჯანმრთელობაც სამხვერპლოზე მისატანი თუ იქნება ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის, აუცილებლად მივიტანთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.