ნიკა მელია - დღეს რაც მოვისმინე, სალომე ზურაბიშვილსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება ერთობის მიმართ, ერთობა არ გულისხმობს საერთო სიას
დღეს რაც მოვისმინე, სალომე ზურაბიშვილსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება ერთობის მიმართ, ერთობა არ გულისხმობს საერთო სიას, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
„ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ერთად მოვისმინეთ, შესრულდება, მე ამის მჯერა. ასევე მჯერა, რომ ამას შეუერთდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, რამდენიმე თვეში ვეღირსებით ნამდვილად სახელმწიფოს, სადაც მოქალაქის ხმა არის გადამწყვეტი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც, რამდენადაც მოვისმინე, მისი ხედვა არის, რომ საერთო სია და გეგმა ორი სხვადასხვა რამ არის. ოპოზიციური პარტიები, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით, რომ ხელისუფლება არ უნდა იყოს პრორუსული, ვთანხმდებით, რომ დასავლური ორიენტაცია არის ისტორიული მისწრაფება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ განსხვავებული, ეკლექტური ოპოზიციური ამომრჩეველი უნდა დატოვო არჩევანის გარეშე და ყველანი ერთ საარჩევნო სიაში ვიყოთ მოქცეული. ამასაც გაუსვა მან ხაზი, რომ, ბუნებრივია, მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე პოლიტიკური ოპოზიციური ცენტრი უნდა არსებობდეს. რაც მთავარია, არცერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს და ამ ნაწილშიც ჩვენი მოსაზრებები დაემთხვა. პირადად მე გეუბნებით ჩემს მოსაზრებას, არც ვყოფილვარ, არც ვარ და არც ვიქნები პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე მომხრე იმ ფორმულისა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს. მე მიამჩნია, რომ ერთიანი სია სწორედაც გააძლიერებდა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას და რაც მოვისმინე დღეს, დიახაც, ქალბატონ ზურაბიშვილსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება ერთობის მიმართ, ერთობა არ გულისხმობს საერთო სიას“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელიც არჩევნებით მოვა და არჩევნებით წავა.
„ჩვენ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება“ მოვიდა არჩევნებით და აღარ უნდა წასვლა. შესაბამისად, ერთობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, რომელიც მოქალაქეს არწმუნებს, რომ არ უნდა ივანიშვილი, ამაზე შევთანხმდეთ, და უნდა უკეთესი მთავრობა. დიდწილად ეს იქნა წარმოდგენილი, ეს ჩემთვისაც და, როგორც მოვისმინეთ, პრეზიდენტისთვისაც მთლიანად გამორიცხავს ერთიან სიას. ჩემი აზრით, პარტიის, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულწრფელად მიაჩნია ფორმულა, რომელიც ეფექტური იყოს, ვიდრე კონკრეტულად წყალწაღებული, ერთიანი სია, თუკი ვინმეს აწყობს, ეს აწყობს ბიძინა ივანიშვილს, რადგან ოპოზიციური ამომრჩეველი თავისთავად არის ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან. ის, რომ მე დღეს არ მინდა ბიძინა ივანიშვილი, არ ნიშნავს, რომ მინდა, ვიხილო მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთად. მნიშვნელივანია, ბარიერის გადაულახავი პარტია არ დარჩეს და ხმები არ დაიკარგოს, ეს არის მნიშვნელივანი და ვფიქრობ, პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტიები გამსხვილდებიან, არა გაერთიანდებიან ერთი სიის ქვეშ, არამედ გამსხვილდებიან და რამდენიმე პოლიტიკური პლატფორმით შეიკვრება ორი თუ სამი, ამას მომდევნო თვეები გვაჩვენებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.