ნიკა მელია - დღეს დადასტურდა, რომ ამ პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს და არც ლეგიტიმური თანამდებობის პირი „ქართული ოცნებიდან“
დღეს დადასტურდა, რომ ამ პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს და არც ლეგიტიმური თანამდებობის პირი „ქართული ოცნებიდან“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გარკვეული განცხადებების გაკეთებას გეგმავს.
„დღეს იყო ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი – ამნისტიის და საარჩევნო კანონპროექტების განხილვაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ორივე ჯერ მოხსნეს დღის წესრიგიდან და შემდეგ სხდომა დახურეს. ხვალ მექნება შესაძლებლობა და მართლაც ასე მსურს, რომ ეს დღეები მქონდეს კომუნიკაცია. არ მინდა ახლა ვაკეთო განცხადებები, რომელთა გაკეთებაც სხდომათა დარბაზში მსურს“, – განაცხადა მელიამ.
მელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კარგად იციან, როგორია ქვეყანაში რეალობა, თუმცა ამაში მხოლოდ თავიანთ თავს ან მეგობრების ვიწრო წრეს უტყდებიან.
„ერთი რამ, რაც დღეს დადასტურდა არის ის, რომ ამ პარლამენტს არც თავმჯდომარე ჰყავს და არც სუვერენული და ლეგიტიმური თანამდებობის პირი „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს არის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მართული ხალხი. ამ ადამიანებს სჭირდებათ შველა, ისინი ტყვეობაში არიან. თქვენზე და ჩემზე კარგად იციან, რა არის რეალობა ქვეყანაში, უბრალოდ ისინი თავიანთ თავს უტყდებიან, როდესაც მარტო რჩებიან ან ვიწრო წრეებში, მეგობრებთან. ჩემზე უფრო მკვეთრად აფიქსირებენ პოზიციებს ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. როდესაც მედიასთან გამოდიან, ისინი ცინიკურ ღიმილს გადაითამაშებენ ხოლმე სახეზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის ხალხი, ვინც ვერ ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო წაყვანილი ჰყავს უფსკრულისკენ და ძალიან ახლოს ვართ გადაჩეხვასთან. ამისთვის ვართ დემოკრატიულ ოპოზიცია, რათა არ მივცეთ სახელმწიფოს გადაჩეხვის შესაძლებლობა, რომ შემდეგ დემოკრატიული ძალების ხელისუფლებაში მოსვლას აზრიც კი აღარ ჰქონდეს და დაახლოებით 10-15 წელი დასჭირდეს, რათა ეს პროცესები შემოვაბრუნოთ. ამიტომ მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ძალიან საინტერესო პროცესები გელოდებათ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.