ნიკა მელია - დღეს აჩვენეს, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით როგორ აძლევენ ე.წ. პიპეტით დანამატს, რომ არ მომკვდარიყო, უკადრებელი იკადრეს და აიძულეს მშრალ შიმშილობაზე გადასულიყო
დღეს აჩვენეს, სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით როგორ აძლევენ ე.წ. პიპეტით დანამატს მიხეილ სააკაშვილს, რომ არ მომკვდარიყო. უკადრებელი იკადრეს გუშინ, დღეს გააგრძელეს და მიხეილ სააკაშვილი აიძულეს პრაქტიკულად მშრალ შიმშილობაზე გადასულიყო და უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზეც კი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დღეები და საათები არის დათვლილი.
„ქვეყანას, რომელსაც მართავს ოლიგარქი და კანონიერი ქურდები, ჰყავს პოლიციელების გვერდიგვერდ დაყენებული, რომელიც დედებსა და მამებს გვიცემს საარჩევნო დღეს საარჩევნო უბნებზე, რომელიც შენ გიტრიალებს ე.წ. კარუსელებს და რომელიც მინიმუმ 10 პროცენტით გპარავს არჩევნებს ყველა ქალაქში და შენ ეს იცი ცხადად, რადგან ამის მტკიცებულებები გაქვს და ერი ამ დროს არ ღელავს მთავარ მოედანზე ქვეყნისა და არ ითხოვს მოსათხოვს, ასეთ რაღაცას ბიძინა ივანიშვილი ვერ მოესწრები. ბრძოლა იქნება მტკიცე, ძალიან მშვიდი, მაგრამ არ შევრცხვებით ისტორიის წინაშე. ისტორიის წინაშე დამნაშავეები ჩვენ არ ვიქნებით. ისტორიის წინაშე ჩვენ უკვე ვართ მართლები, რადგან არ შეგვიწყვეტია ბრძოლა, მაგრამ ახლა, თითოეული ჩვენგანი უნდა გავხდეთ თანამედროვე ქართლი სახელმწიფოს არქიტექტორები. აქ მნიშვნელობა არ აქვს, მე დავინახე ვიწრო პერიმეტრზე ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არც იყვნენ, არც არიან, არც იქნებიან, მაგრამ დღეს ვდგავართ ერთად, რადგან გამოწვევა არის ისტორიული. აქ პარტიული პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაში აღარ არის. დღეს გამოვიდა ადამიანი, ჩაატარებინეს ბრიფინგი და სამარცხვინოდ გაიხადეს კიდევ უფრო საქმე. სპეციალური ეთერით შეიყვანა „რუსთავი 2“-მა, ტელეკომპანია „იმედზე“ უარესი გახდა, ვწუხვარ ამის აღიარება რომ მიწევს და აჩვენეს სამედიცინო ოთახში, იმ ოთახში, სადაც მეც კი ვარ ნამყოფი, მეორე სართულზეა, სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით, როგორ აძლევენ ე.წ პიპეტით დანამატს მიხეილ სააკაშვილს, რომ არ მომკვდარიყო. სახალხო დამცველმა თქვა რამდენიმე საათით ადრე, რომ ეს არ არის საკვები, ეს არის დანამატი, რომ ადამიანი არ მოკვდეს. უკადრებელი იკადრეს გუშინ, დღეს გააგრძელეს და მიხეილ სააკაშვილი აიძულეს პრაქტიკულად მშრალ შიმშილობაზე გადასულიყო, უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზეც კი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ეს მედიკამენტები რომ არ მიეღო, დღეს ცოცხალი აღარ იქნებოდა.
„ამაში დასდეს ბრალი, რომ მედიკამენტებს იღებსო და დღეს აღარც იღებს ამ მედიკამენტებს. ამიტომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დღეებიც და საათებიც, სამწუხაროდ მიწევს ამის თქმა, არის დათვლილი. დღეს ბრიფინგი ჩაატარებინეს ადამიანს, რომელსაც უნდა რცხვენოდეს. დღეს სუს-მა ბრიფინგზე დააყენა ბაჩო მგელაძე, რომელიც ჩემი კურსელი და ჯგუფელი იყო, ხუთი წელიწადი ერთ სალექციო აუდიტორიაში ვსწავლობდით და ვცხოვრობდით კიდევაც სასწავლო საცხოვრებელ კორპუსში. ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ეს ადამიანი გამოდის ახლა, საუბრობს, რომ მათ შორის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მკვლელობას გეგმავენო. აქედან მივმართავ ბაჩოს, ხომ ვმეგობრობდით ძალიან ახლოს, ისიც მოაყოლე, ვის მკვლელობას აპირებენ? იქნებ შენი ყოფილი ძალიან ახლო მეგობრის და თქვი ის, რატომ არ უნდა იყოს უსაფრთხოება დაცული ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისა. ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა, ბლეფი. ადამიანი, რომელსაც ვიცნობდი და რამდენი ასეთი ადამიანია, უკადრებელს არ იკადრებდა, დღეს ვხედავ, რომ ტყვეობაში ჰყავთ და რასაც ეტყვიან, ისეთ ბრიფინგს ატარებინებენ. ეს ადამიანებიც არიან დასახსნელნი. სამი თვის წინ ეს ადამიანი გასვენებაში შემხვდა და მე არ გამიკრიტიკებია „ქართული ოცნება“ ისე, როგორც ის აკრიტიკებდა. ისეთი უშვერი სიტყვებით მე არ მომიხსენიებია „ქართული ოცნება“, როგორც ეს აკრიტიკებდა . ეს ადამიანი დღეს ბრიფინგზე დგას და „ქართული ოცნების“ რეჟიმის სახელით განცხადებებს აკეთებს. ბოლო წვეთი იყო ეს ჩემთვის. იარაღმიბჯენილი ადამიანები საუბრობენ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ტელევიზიებით. ეს ადამიანებიც ტყვეობაში არიან, ისეთივე ტყვებაში, როგორშიც დაახლოებით მიხეილ სააკაშვილი ჩააგდეს სატუსაღოში. განსხვავება დიდი არ არის. ამიტომ, ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე და ეს გამარჯვება იქნება და გპირდებით, ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები ან არ ვიქნებით სახლში შესულები. რამდენი ვართ, რამდენ ადამიანს მიაყენეს შეურაცხყოფა 30 ოქტომბერს, რამდენ ადამიანს სულში შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილმა, ლილუაშვილმა, ღარიბაშვილმა, გომელაურმა, დაითავლონ ორშაბათ 20:00 საათზე, თუ მანამდე მიხეილ სააკაშვილს საავადმყოფოში არ გადაიყვანენ. გამაგრდით, ბრძოლა ბოლომდე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.