ნიკა მელია - დეპუტატებს მივმართავ, მერიდება თქვენ ნაცვლად, აბრძანდით ბიძინა ივანიშვილთან და მოსთხოვეთ პასუხი, რატომ დაამცირებინეთ თავი
დეპუტატებს მივმართავ, მერიდება თქვენ ნაცვლად, რა გიქნათ, აბრძანდით ბიძინა ივანიშვილთან და მოსთხოვეთ პასუხი, რატომ დაამცირებინეთ თავი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით მას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ნიკა მელიას თქმით, არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებოდა.
„გუშინ, როდესაც ეს პროკურორი, ამირან გულუაშვილი და პროკურატურის წარმომადგენლები ზუსტად ანალოგიური სიტყვით მიმართავდნენ დეპუტატებს კომიტეტის სხდომებზე, შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ალაპარაკეს 92 დეპუტატი „ქართული ოცნების“ რიგებიდან, რომ საკმარისია მტკიცებულებები, დამნაშავე არის მელიაო, ამიტომ უნდა მივაჭიროთ მწვანე ღილაკს თითი მის დასაპატიმრებლადო, რა შეიცვალა ამის შემდეგ? შიშმა აიყოლია ბიძინა ივანიშვილი, რადგან ძალიან არასწორ პოზიციაზე იდგა. არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება იმისთვის, რომ პატიმრობაში წავსულიყავი, საზოგადოებამ კი, ეს დაინახა მედიის დახმარებით და შემდეგ საზოგადოებამ თავისი პოზიცია სხვადასხვა ფორმატში დააფიქსირა. ეს არ დარჩა შეუმჩნეველი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის.
მჯერა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ასევე სწორი პოზიცია დაიკავეს და დაურეკეს მოსამართლე თემურ გოგოხიას, უთხრეს, რომ მელია არ უნდა დაიჭიროთო. არადა გუშინ დაჭერა კი არა, დახვრეტაც კი უნდოდათ, შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ. 92 დეპუტატს მივმართავ, მერიდება თქვენ ნაცვლად, რა გიქნათ, აბრძანდით ბიძინა ივანიშვილთან და მოსთხოვეთ პასუხი, რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები ასე. ჩემს კოლეგებს მივმართავ, წესით და რიგით ის ხალხი უნდა იყოთ, რომლებმაც ამ ქვეყანას წარმატება უნდა მოუტანონ. გაასმაგებული, გახუთმაგებული, გაათმაგებული ენერგიით ვაპირებ ბრძოლას ამ არანორმალურ მოვლენასთან. გადაწყვეტილებაში რაღაც აკრძალვები მაქვს. ერთი აკრძალვა, რომელიც დამამახსოვრდა არის ის, რომ საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთებაზე მაქვს შეზღუდვა, ალბათ ის იგულისხმება, რომ აქციებზე სიტყვით ვერ გამოვალ. მოქმედი დეპუტატი ვარ და იმედია, პარლამენტში სიტყვით გამოსვლას არ ამიკრძალავენ. ეს ის შემთხევაა, როცა სიტყვები ზედმეტია.
მე თუ დამნაშავე ვარ, შენობა შტურმით ავიღე, ძალადობრივი მოწოდებები გავაკეთე, საკმარისი მტკიცებულებები წარადგინა პროკურატურამ პარლამენტში და მომიხსნეს იმუნიტეტი, დღეს აქ რა მოხდა? არ მითხრათ ახლა, წინა ხელისუფლების ნარჩენები, ჩარჩენილები არიანო, თორემ არ ვიცი, რა დღეს დავმართავ ჩემს თავს. ეს ყველაფერი ხუმრობით, მაგრამ ეს უფრო სამარცხვინოა. ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლებისთვის ნიკა მელიას დაჭერა უფრო უმტკივნეულო იქნებოდა, ვიდრე ეს ყველაფერი, რაც ახლა გააკეთეს. პარადოქსალურად ჟღერს, მაგრამ ასე არის. პარლამენტში სხდომებს დავესწრები, „ქართული ოცნებიდან“ ჩემს კოლეგებს დავუსვამ კითხვებს – რა მოხდა ხალხო, თქვენ წინაშეა კრიმინალი, დამნაშავე, შენობის შტურმით ამღები და მე კვლავ თქვენ გვერდით ვზივარ? ან ისინი არ უნდა დასხდნენ ჩემ გვერდით დარბაზში ან მე არ უნდა დავჯდე. მე რა თქმა უნდა, ვიქნები იქ, სადაც უნდა ვიყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
მოსამართლე თემურ გოგოხიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.