ნიკა მელია - დავით კეზერაშვილის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, პროდასავლური ღირებულების ერთგული ტელევიზია იქნება
ნიკა მელია - დავით კეზერაშვილის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, პროდასავლური ღირებულების ერთგული ტელევიზია იქნება

დავით კეზერაშვილის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, პროდასავლური ღირებულების ერთგული ტელევიზია იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა.

„შეიძლება მკითხოთ, რას ვფიქრობ მედიასაშუალებაზე, რომელიც ოპერირებას ალბათ ​რამდენიმე თვეში დაიწყებს, როგორც განცხადებიდან გავიგე, მაგრამ რას ვფიქრობ კონკრეტულ ადამიანზე, ეს არ არის ის, რაზეც დღეს უნდა ვისაუბრო. ამ კონკრეტულ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ დასკვნების გაკეთება ადრეა. როგორც პოლიტიკოსი, დავაკვირდები, იმედია იქნება ობიექტური მედია და ერთ-ერთი ტელევიზია, საიდანაც თავისუფალი სიტყვა გაისმის. ტელევიზიას არ აკეთებს არც ერთი და არც ორი ადამიანი, ტელევიზიას აკეთებს გუნდი. მე უნდა ვნახო, რა გუნდი შეიკრიბება და რა იქნება მათი სარედაქციო პოლიტიკა. განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, პროდასავლური ღირებულების ერთგული ტელევიზია იქნება. მე განგებ არ ვაკეთებ პერსონალურ შეფასებებს. არ მინდა, გავაკეთო განცხადება ადამიანებზე და ჩემ მიერ გაკეთებული პერსონიფიცირებული განცხადება იყოს დომინანტი, ვიდრე მთავარი თემა, რომელიც ეხება შესაძლო პროდასავლური ტელევიზიის შექმნას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, მიიღო გადაწყვეტილება, მეგობრებთან ერთად დააფუძნოს ახალი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველოფს ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის დაცვას.

როგორც დავით კეზერაშვილი აღნიშნავს, ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს.