ნიკა მელია - დაგვიძახე და რატომ დაგვშალეო? და მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წაგიყვანთ, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ
ნიკა მელია - დაგვიძახე და რატომ დაგვშალეო? და მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წაგიყვანთ, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ

უნდა გვესმოდეს, რომ ისტორიული გამარჯვებები ორი, სამი და ოთხი აქციით არ სრულდება, აქციების პიკი დადგება და ამ პიკისთვის საპროტესტო მოძრაობა უნდა იყოს მზად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გადაცემაში „ღამის მთავარი“ განაცხადა.

მისი თქმით, თითოეული მოქალაქის საპროტესტო აქციაში პერმანენტულად მონაწილეობა არის წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი საწინდარი.

„უნდა გვესმოდეს, რომ ისტორიული, დიდი გამარჯვებები, მით უმეტეს, მართლაც ისტორიული ფიგურის ტყვეობიდან დახსნის პროცესიც ორი, სამი და ოთხი საპროტესტო აქციით არ სრულდება. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ თითოეული მოქალაქის საპროტესტო აქციაში მართლაც პერმანენტულად მონაწილეობა არის ყველაზე დიდი საწინდარი მალე წარმატების მიღწევისა.

საპროტესტო აქციების პიკი დადგება და ამ პიკისთვის საპროტესტო მოძრაობა უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ რეჟიმმა არაძალადობრივი, შენ მიერ გადადგმული ნაბიჯებით ვეღარ გაგიძლოს. ამას არ ვმალავ. ამ პიკისთვის, დიახაც, ჩვენ უნდა ვემზადოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია ბევრი მუშაობა, შრომა და ნაკლები წუწუნი. მე იმასაც მეუბნებოდნენ, პირდაპირ გეუბნებით, გატეხე ციხე და გამოიყვანეო. ფეისბუქზე დაუწერიათ, გატეხე ციხე და გამოიყვანეო. არის მხარდამჭერთა ნაწილი, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ შორის არიან ადამიანები, რომელთა სურვილისა და ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნებში მე არასდროს გავყვები, რადგან ეს იქნება პირველ რიგში, დემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის დასასრული, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში დიდი ხნით დარჩენის საფუძველი და რეჟიმის გაძლიერება. არ მერიდება, ზუსტად ვიცი, რომ სტრატეგიით ვმუშაობთ. ამ გზაზე, მირჩევნია, 100 ადამიანი გავინაწყენო, 200 ადამიანი გავაბოროტო ჩემ მიმართ, მაგრამ ზუსტად ვიცოდე, რომ საბოლოო ჯამში, თუნდაც ეს 100-200 ადამიანი წარმატებით შეაფასებს.

როცა გჯერა რას აკეთებ და იცი, რომ ეს არის შედეგზე ორიენტირებული, დიახაც, დარწმუნებული ვარ, რომ უნდა აკეთო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მცირე ჯგუფს არ მოსწონდეს. დაგვიძახე და რატო დაგვშალეო? და მაპატიეთ რა, შტურმისკენ უნდა წაგიყვანოთ? არ წაგიყვანთ შტურმისკენ, ამ პასუხისმგებლობას არ ავიღებ, პირდაპირ გეუბნებით, არ ვასროლინებ ჩემი ერთი განცხადებით და მოწოდებით უამრავ სპეცრაზმელს ტყვიას, რომელიც ჩვენს ბევრ მეგობარს შუბლში მოხვდება. არ ვასროლინებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეჟიმის დამარცხების სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა ნაპოვნია, რომელსაც სჭირდება სიმტკიცე და არა წუწუნი, სჭირდება ურთიერთპატივისცემა და მუხლჩაუხრელი შრომა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.