ნიკა მელია - ჩვენს პარტიაში მძიმე რეალობაა, არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ
ყველამ ვიცით, რომ ჩვენთან პარტიაში მძიმე რეალობაა. გამოსავალს ერთობაში ვხედავ, მაგრამ ეს ერთობა არ შეიძლება, აღქმული იყოს მხოლოდ ერთ საარჩევნო სიაში, ერთ პარტიულ სტრუქტურაში თუნდაც მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთად ყოფნაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის შიგნით ბევრ საკითხთან მიმართებით ფუნდამენტური განსხვავებებია.
„საერთო სტრატეგიული მიზნის გარშემო ერთობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ მეც და ყველა ადამიანი. პარტიის შიგნით ფუნდამენტური განსხვავებებია დამოკიდებულებებში და ბევრ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი, დრამატული, კონტრასტული სხვაობაა, რამაც გამოიწვია ღრმა ჭრილობა, რომელიც შესაძლებელია, მოუშუშებელი, შეუხორცებელი აღმოჩნდეს. ძალიან დიდი განსხვავებებია მომავალი სახელმწიფოს მოწყობაზე დამოკიდებულებებში, პარტია როგორ უნდა იმართებოდეს და ასე შემდეგ. თუ დავრწმუნდით, რომ ერთად ბრძოლა, ერთი პარტიული ნომრის ქვეშ ბრძოლა შეუძლებელია, ვფიქრობ, ძალას ვიპოვით ჩვენს თავში, რომ სხვადასხვა პლატფორმით, სხვა ადამიანებთან ერთად ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ ხელისუფლებას. ამ წუთას მიჭირს თამამად თქმა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ მთელი რიგი საკითხების გარშემო. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები აღარაფერ შუაში არაა მას შემდეგ, რაც მოხდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
როგორც მელიამ აღნიშნა, არ გამორიცხავს, რომ სხვა პლატფორმიდან მოუწიოს ბრძოლა.
„უამრავ ადამიანთან გვაქვს კონსულტაციები, შეხვედრები. 7 ოქტომბერს, ორ საათზე თბილისში ვიკრიბებით თანამოაზრეები მთელი ქვეყნიდან და ვიმსჯელებთ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ იმ დღეს ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ. ორი ბირთვი დღეს არის ერთმანეთისგან დაშორიშორებული. არ ვაპირებ, გამუდმებით ვილაპარაკო ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილზე, საკმარისად ვილაპარაკეთ ერთმანეთზე არცთუ ისე პოზიტიურ კონტექსტში. მიზანი და ამოცანა არის სულ სხვა, მაგრამ წყვილი ბედნიერი როცა არ არის, შესაძლოა, განშორება სჯობდეს, რადგან შეუძლებელია, ოჯახში იყო და გამუდმებით ჩხუბობდე. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა, მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი და არც 20 და 30 ადამიანის გადასაწყვეტი. ვთანხმდებით, რომ ერთ ორბიტაზე საერთო მიზნის გარშემო აუცილებლად ვიქნებით. თუ რამე იოტისოდენა შანსი არის, მე ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ამის კაპიტალიზება მოხერხდეს. ამიტომაც არ ვჩქარობდი მთელი რვა თვის განმავლობაში, თუმცა ვატყობ, რომ კრიზისი არათუ ნელდება, არამედ ღრმავდება. არჩევნებში როცა შედიხარ, მოტივირებული ხალხი გჭირდება გუნდში. არ შეიძლება, უნდობლობა გქონდეს ერთმანეთის მიმართ. როცა ორთაბრძოლაში ხარ მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ამ ქვეყნის ინტერესი არ აქვს, მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ არ ველოდო ზურგიდან დანას და არც ის ელოდოს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და მშვიდობიანად, ღირსეულად დავშორდეთ. თუ სადმე ჩვენი გზები მომავალში გადაიკვეთება და ალბათ გადაიკვეთება საგნობრივად მაინც, კი ბატონო, თუ არადა, უახლოეს პერიოდში კონსენსუსის საფუძველზე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.