ნიკა მელია - ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს რეფერენდუმში
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც იმარჯვებს დამაჯერებლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში. ნიკა მელიამ ამომრჩეველს მოუწოდა, იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა მიიღონ.
„ოპოზიცია განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში, როგორც რეფერენდუმის ნაწილში, ასევე თბილისის მერის არჩევნების ნაწილში. ახლა მთავარია, დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზარდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალხსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შესაძლებლობა, მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.
მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რა უპრეცედენტო მობილიზაცია არის ამომრჩევლების და ამას, ყველაზე კარგად ხედავს „ქართული ოცნება“, ხედავს, მაგრამ ბევრს ვერაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რასაც ისინი სჩადიან, რასაც არიან მიჩვეულები – დაშინებას, შანტაჟს, ფულის დარიგებას, მაგრამ ყველაფერს ყავლი გაუვიდა. ჩვენ ახლა უნდა მოვბილიზდეთ, არა რომელიმე მერობის კანდიდატის, არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ან ზოგადად პოლიტიკური პარტიების გასამარჯვებლად, ეს არ არის არჩევნები ვინმეს დასამარცხებლად, თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ვიმარჯვებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.