ნიკა მელია - ჩვენ ვითხოვთ არა ხელახალ არჩევნებს, არამედ არჩევნებს, რომელიც 31 ოქტომბერს არ ჩატარებულა
ჩვენ ხელახალ ან ახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ბათუმი არ არის მხოლოდ სიყვარულის ქალაქი, ეს გამარჯვების ქალაქია“.
„არსად ისე, როგორც აჭარაში, იცით, რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება თავისუფლებას მარწუხებში აგდებს. 1991 წლიდან 2004 წლამდე, თითქოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში მცხოვრებ ხალხს არ გვქონდა თავისუფალი ცხოვრება ამ რეგიონში, ამ ქალაქში იმიტომ, რომ ერთი ადამიანი მართავდა. სამწუხაროდ, იმ რეალობას, ნაწილი შეეგუა, თუმცა გამოჩნდნენ აქტიური ადამიანები, რომლებმაც გააპროტესტეს იქამდე, ვიდრე ეს ადამიანი არ ჩაჯდა თვითმფრინავში და წავიდა. ახლა იგივე მდგომარეობა გვაქვს უფრო დიდ მასშტაბში, ეროვნულ დონზე, ივანიშვილის მასშტაბში, რომელიც მარწუხებში აგდებს მთელს რესპუბლიკას. ჩვენ ხელახალ არჩევნებს კი არ ვითხოვთ, ან ახალ არჩევნებს, უბრალოდ არჩევნებს ვითხოვთ. არჩევნებს, რომელიც არ ჩატარებულა 31 ოქტომბერს“, – განაცხადა მელიამ.