ნიკა მელია - ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი, მთავრობის მეთაურმა უარი თქვა ქართველების ისტორიულ არჩევანზე
ევროპის ლიდერები როდესაც საპირისპიროს საუბრობენ, ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქართველების სახელით კარი მოუხურა ევროპას, უარი უთხრა ქართველებს დასავლურ პერსპექტივებსა და დაცულ მომავალზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიამ აღნიშნული კომენტარით უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერის მიერ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
ნიკა მელიას თქმით, საქართველო ევროპული დიდი ოჯახის წევრი უნდა იყოს.
„დღეს მთავრობის მეთაურმა თქვა უარი ქართველების ისტორიულ არჩევანზე. ღარიბაშვილი წარმოადგენს არავის, გარდა რუსული ინტერესებისა, მაგრამ მეტი სიცხადეა შესატანი ამ ბრძოლაში. ეს არის ისტორიული გამოწვევა და ქართველები მეტად უნდა ვაქტიურობდეთ. ის არ დადგა მსოფლიო ლიდერებთან, ის დადგა ლუკაშენკოსთან, კადიროვთან და პუტინთან. დრო მოვიდა, როდესაც ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ ხელისუფლება ქართველ ხალხს არ წარმოადგენს. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი. რატომ აწევრიანებენ უკრაინას ევროკავშირში, რადგან მსოფლიომ დაინახა, აგრესორი ებრძვის უკრაინას, ისევე როგორც ჩვენ გვებრძოდა 2008 წელს. თუკი ვინმეს უნდა ჰქონდეს ამბიცია და სამართლიანი მოთხოვნა, რომ უკრაინელებთან ერთად დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ორთქმავალები ამ პროცესის, ეს არის ქართველი ერი, მაგრამ დღეს ქართველ ერს წარმოადგენს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. გავა წლები და ტოლობის ნიშანი უფრო მკაფიოდ დაისმევა სერგო ორჯონიკიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის. ვიდრე ღარიბაშვილი საქართველოს სახელით საუბრობს, ჩვენ მოკლებულნი ვართ ამ ისტორიულ შესაძლებლობას, რომ ევროპის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.