ნიკა მელია - ჩვენ პრეზიდენტის პოზიციას მთლიანად ვეთანხმებით, არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული არცერთ დონეზე
ჩვენ პრეზიდენტის პოზიციას მთლიანად ვეთანხმებით. გაყალბებული არჩევნების არაღიარება ძალაში რჩება. არჩევნების შედეგები არ არის აღიარებული არცერთ დონეზე, არც საერთაშორისო დონეზე, არც საქართველოში, – ამის შესახებ „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ თსუ-ს მიმდებარედ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მელიას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებს არცერთი ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო საზოგადოება და თავად ქვეყნის პრეზიდენტი არ აღიარებს.
„ბრძოლა ახალი არჩევნების ჩატარების მოპოვებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. ჩვენ გვაერთიანებს ძალა, რომელიც ბრაზიდან დიდ მოტივაციაში გადაიზარდა. ჩვენ მიერ ამ წუთისთვის კონკრეტული გადაწყვეტილებაა მიღებული. ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ გათვლით და მიზნით, რომ ეს პროტესტი სულ უფრო და უფრო მძლავრი გახდება, ბრძოლის მუხტი გაიზრდება. მიზანი და ამოცანა არის, რომ უახლოეს პერიოდში მთელი თბილისი მოცული იყოს პროტესტით. დღეს ვრჩებით ისევ იქ, სადაც უკვე, პრაქტიკულად, 36 საათი ვართ, მაგრამ კონკრეტული, დამატებითი გადაწყვეტილებები ასევე მიღებული იქნება, შესაძლოა, რიგი მათგანი სპონტანურად. მოქალაქეები მომდევნო დღეებში მობილიზებული უნდა იყვნენ, პოლიტიკოსები მზად ვართ, თქვენთან ერთად პასუხისმგებლობა ავიღოთ. ახლა დადგა დრო, რომ დავდგეთ ერთად ყოველდღე, ვიდრე რეჟიმი დემოკრატიულად არ მოიგუდება, ყოველდღე უნდა ვარყიოთ, ვიდრე არ ჩამოინგრევა. ჩვენი ამოცანა არ არის მხოლოდ ემოციურად ვიბრძოლოთ და შემდეგ ვიღაცამ ვიღაცას ნიშანი მოუგოს, რომ ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. შეცდომა ბევრი იქნება დაშვებული, თუ რეჟიმი არ მოირყევა“, – განაცხადა მელიამ.