ნიკა მელია - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სათავეში მოვიდა „ქართული ოცნების“ სახელით, მაგრამ საქმით წარმოადგენს რუსულ ოცნებას, რუსების ახდენილ ოცნებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის„ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა და გამოეხმაურა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მმართველი პარტიის ქმედებებს.
მელიას თქმით, „რუსეთმა იარაღის ძალით, სამხედრო ძალით 20%-ის ოკუპაცია შესძლო 90-იანი წლების დასაწყისში და რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ის შეძლო რბილი ძალით“.
„ამ ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს რომ რუსეთი ოკუპანტია. ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც რცხვენიათ. ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს. რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალი – რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. რა თქმა უნდა, ნორმალური ხელისუფლების პირობებში ბევრი გამოსავალი იარსებებდა, გულუბრყვილობას არ ვაპირებთ და კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არანაირ მოთხოვნას უსამშობლო რუსულ ოცნებას არ ვუყენებთ. უბრალოდ, გვსურს, ვიცოდეთ, რას გააკეთებდა და მომავალში რას გააკეთებს ნორმალური ხელისუფლება. ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზირების მიზნობრიობას, მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლუსტრაციას, შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესი რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას, თუ ისინი არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი. უსამშობლო რუსული ოცნების გასაგონად მინდა ვთქვა, ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით , ყველა პატივს ვცემთ სტუმარ-მასპინძლობის ძირძველ, ქართულ ტრადიციას, მაგრამ თუ სტუმარი რჩება ოჯახში წლების განმავლობაში, უნდა მიიღოს და იცხოვროს ჩვენი წესებით, ისწავლოს ქართული ენა და აღიაროს ქვეყნის საზღვრები“, – განაცხადა მელიამ.