ნიკა მელია - ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შუღლს ვერ ჩამოაგდებენ, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნამდე, მასთან და პარტიასთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმებზე განცხადებებს მე გავაკეთებ
მიხეილ სააკაშვილს მოკითხვა ჩემგან. როგორც არ უნდა ცდილობდნენ, შუღლი ჩამოაგდონ ჩვენს შორის არ გამოუვიდათ არასდროს და არც გამოუვათ. პირიქით, ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური მოქალაქეობრივი ვალი და ვალდებულებაა, ვიდრე ეს ადამიანი არის ციხეში, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო, ეს არის ჩემი ადამიანური და მეგობრული ვალდებულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე განაცხადა, პარტიასა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმებზე განცხადებებს თვითონ გააკეთებს.
„ნურავინ ვიქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებზე მეტად მხარდამჭერები. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის სახელით გავაკეთებ მე. ამით თავიდან ავირიდებთ გაუგებრობებს. ორგანიზება და დისციპლინა არის მნიშვნელოვანი ბრძოლაში, რომელიც არ არის სახუმარო, რომლის შედეგებმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის მომავალი სულ მცირე 15-20 წლის თავზე. გულზე მჯიღის ცემა ადვილია ვიღაცისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, შემართებასთან ერთად ჭკუითაც ვაჯობოთ. მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ამ ადამიანს, რაც სჭირდება არის ჯანმრთელობა. მიშა, ყველაფერი იქნება კარგად. ამ ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი, შანსი, რომელსაც ჩვენ 30 ოქტომბერს გამოვიყენებთ. ამ შანსის შემდეგ ცხოვრების სტანდარტი იქნება ბევრად უკეთესი“, – განაცხადა მელიამ.