ნიკა მელია - პარლამენტში ვერც ერთი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია ვერ შევა და არ შევა, სანამ არ დაკმაყოფილდება ოპოზიციის მოთხოვნები
ცესკო არის ორგანიზაცია, სადაც ყალბდება რეალობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკო-ს მიერ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიღება არაფერს შეცვლის.
„ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი რას ცვლის? არ იცოდით, რომ აყალბებდა ცესკო? ცესკო-სგან ელოდება ვინმე რამე განსხვავებულს? მგონი, ეს ის რეალობაა, რომელსაც უკვე თვალი გავუსწორეთ. სწორედ ამიტომ ყველა ოპოზიციური პარტია ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს, რომელსაც გააკეთებდა ნებისმიერი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია. ეს გადაწყვეტილება დავიდა სადამდე, რომ ჩვენ არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ეს არ არის პარლამენტი, ეს არ არის ეროვნული ორგანო, სადაც საქართველოს მოქალაქეების უფლებები უნდა იქნას დაცული, ან მათი პოზიცია გატარებული, ეს უბრალოდ კანტორა არის იმ მდიდარი მილიარდერი ადამიანის ხუშტურების ასასრულებლად. ასეთი არ იყო უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში? და ახლა, როდესაც წააგო არჩევნები და ამას თვითონაც კი ვერ უარყოფს, რომ წააგო, არც კი უზეიმია არც ერთი დღე, უბრალოდ გაიფორმა გამარჯვება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, პარლამენტში ვერც ერთი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია ვერ შევა, სანამ არ დაკმაყოფილდება ოპოზიციის მოთხოვნები.
„იმ პარლამენტში ვერავინ, ვერც ერთი თავმოყვარე ოპოზიციური პარტია, ლიდერი და წარმომადგენელი ვერ შევა და არ შევა, სანამ არ დაკმაყოფილდება ის მოთხოვნები, რომლებიც აქვს წაყენებული ოპოზიციას. ეს არის რეალობა, რომელსაც უკვე ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაუსწოროს თვალი. ჩვენ ხომ გავუსწორეთ რეალობას თვალი ცესკო-სთან მიმართებით და დავრწმუნდით, რომ ის არის ორგანიზაცია, სადაც ყალბდება რეალობა. გასაგებია, მივიღეთ ეს რეალობა და ახლა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც შექმნა დამატებითი კრიზისი ქვეყანაში, რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი თავის მხრივ და წამოვიდეს დათმობაზე ოპოზიციასთან, მოუწევს ამის გაკეთება“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.