ნიკა მელია - ბანალური არ ვიქნები და პირდაპირ ვიტყვი, რომ ხმა მივეცი შალვა შავგულიძეს
ბანალური არ ვიქნები და პირდაპირ ვიტყვი, რომ ხმა მივეცი შალვა შავგულიძეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განუცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, პირადად მისთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა ძალიან უხერხულია, ზნეობრივ კომპრომისზე წასვლაა, როდესაც ხმის მიცემა შეიძლება, მურუსიძისთის მოგიწიოს.
„მე არაფერს არ ვერჩი ლადო კახაძეს, მას პირადად ვიცნობ. შავგულიძის მოწინააღმდეგედ საარჩევნო კამპანიაში დავინახე ბატონი მურუსიძე, რომელიც არც კი თაკილობდა დებატებში მონაწილეობას შავგულიძესთან. მთელი კამპანია ისე აეწყო, რომ ისტორიის გაყალბება უნდოდათ. ადგილი აწმყოს დამახინჯებას ჰქონდა, თითქოს ბატონი მურუსიძე ფრთიანი ანგელოზი გახლავთ და ბატონი შავგულიძე არის ცუდი ადამიანი, რომელიც თუნდაც წინა და იმის წინა ხელისუფლების დროს ყოველთვის, როგორც ადვოკატი, იბრძოდა სამართლის დადგენისთვის. ამიტომ ყველა, ვინც ამ ფაქტორს მნიშვნელოვნად აღიქვამს, მხარს შავგულიძეს დაუჭერს“,- აღნიშნა ნიკა მელიამ.
მისივე აზრით, როგორც უნდა დამთავრდეს დღევანდელი არჩევნები, ერთი რამ ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს ითვლის.
„წესით და რიგით, შუალედურ არჩევნებს საერთოდ არ უნდა მოჰყოლოდა ვნებათაღელვა, არც მთაწმინდაზე, არც ზუგდიდში, არც ზესტაფონში და არც სხვა ქალაქებში, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რამდენი რამ იკადრა „ქართულმა ოცნებამ“ და რის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვება, მაგალითად მთაწმინდაზეც რას სჩადიოდა. ვფიქრობ, შავგულიძე ძალიან პროდუქტიული პარლამენტის წევრი იქნება. ერთი ოპოზიციური დეპუტატის შემოსვლაც საქმეა. თუ ვერ გაიმარჯვებს, ეს უბრალოდ „ქართული ოცნებისთვის“ გედის სიმღერა იქნება“,-განაცხადა ნიკა მელიამ.